"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"

"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"

მიმაჩნია, რომ სანამ „გირგვლიანის შესწორებები“ ძალაში არ შევა, როგორც კანონი, მანამდე უნდა გავაჩეროთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, საჯარო ლექციაზე იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ დღეს სრულიად გაუგებარია, როგორ არის ქვეყანაში 200-მდე ლეგალურად, კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე. მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს, რომ თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი. 

„მოვუწოდე საქართველოს პარლამენტს, დაუბრუნდეს იმ ინიციატივას, რომელსაც ჰქვია „გირგვლიანის შესწორებები“. „გირგვლიანის შესწორებები“ ეს არის ჯამი იმ ცვლილებებისა, რომელიც კანონმდებლობამ უნდა განახორციელოს, როგორც სამოხელეო დანაშაულის დასჯის უფრო სპეციფიური და უფრო ზუსტი განსაზღვრების ნაწილში, ასევე სისტემის გასუფთავების და უფრო დახვეწის ნაწილში, რომლის გარეშეც ჩვენ იურიდიულად აბსურდულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. პოლიტიკურად უკვე ჩანს, რომ აბსურდულ ვითარებაში ვართ. 

2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მიღებულია „კანონი პოლიტიკური პატიმრების თაობაზე“. ეს არის სპეციფიური კანონი, რადგან მას თან ერთვის სია ადამიანების, მათ შორის ჩემთანაც მუშაობენ ასეთი ადამიანები, ვინც იყო დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით წინა ხელისუფლების დროს. ეს არ არის პოლიტიკური მოსაზრება და პოლიტიკური შეხედულება, ეს არის იურიდიული ფაქტი, რაც დევს საქართველოს კანონის სახით. ამ დროს ამ იურიდიული ფაქტის კვალობაზე ის ადამიანები, ვინც ეს 200-მდე ადამიანი დააპატიმრა, აწამა, საქმე შეუკერა, მერე სასამართლოში ეს ყველაფერი დაადგინა და გაამწესა პოლიტიკურ პატიმრობაზე, ამ ადამიანებს ხელს არავინ ჰკიდებს. მეტიც, ხდება ამ ადამიანების დაწინაურება თავიანთ სისტემაში-იქნება ეს სასამართლო, თუ სხვა უწყებები. რთული და ცოტა ძნელად გასაგებია ეს ყველაფერი. კანონი ამბობს, რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავდაო და მერე ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და აღასრულა, კარიერულ ზრდაში არიან. 

ამიტომ მიმაჩნია, რომ „გირგვლიანის შესწორებებმა“ ამ საქმესთან მიმართებაში უნდა გამოავლინოს ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამას აღასრულებდა. მე არ ვამბობ, რომ ისინი აუცილებლად დევნილნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათი ლუსტრირება და სისტემაში არ დაწინაურება ხომ ლოგიკური იქნება?! დღეს ხომ სრულიად გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე ლეგალურად კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, რომ თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი. 

ამ პოლიტიკური აბსურდის გაგრძლება იყო იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში, მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. ამ ვითარებაში „გირგვლიანის შესწორებებით“ მე კიდევ ერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტს რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთოთ. უკვე მერამდენედ რაღაცას ვაანონსებთ და არ ვაკეთებთ. ჩემს ყველა საპარლამენტო გამოსვლაში ამას ვამბობ, რომ გასაკეთებელია. ერთი თვის წინ დავაანონსეთ გირგვლიანის შესწორებები და არაფერი კეთდება. იმ წუთასვე მხარი დავუჭირე და გირგვლიანის შესწორებებზე პასუხი იყო მოსამართლეების დამტკიცება, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ ვნახეთ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, მოსამართლე არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ პროცესზე. მოსამართლე უნდა იყოს მიბმული მარტო სამართალზე. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები