ავტორი:

როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე

როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი პირველი მატარებლის გავლასა და მჟავანაძის მადლობაზე

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წლის 11 იანვარს შევიდა. ის მეტროს მეოთხე სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, სანტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ), რომლის მშენებლობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და სწორედ იმ ადამიანის აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

90 წლის პროფესორი აბესალომ ყურაშვილი ხიდების და გვირაბების სპეციალისტია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს დღემდე კითხულობს. ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ერთი კოსმოდრომი არ აუშენებია, დანარჩენი, მთელი ცხოვრება ძირითადი სამშენებლო ობიექტების სათავეებთან იდგა.

"ინსტიტუტი 1950 წელს დავამთავრე, მერე ერთი წელიწადი ბაქოში მეტროს მშენებლობაზე ვიმუშავე. იქიდან რკინიგზის ჯარში წამიყვანეს. საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული იყო და მის აღსადგენად ახალგაზრდა მუშახელი სჭირდებოდათ, თან ხელფასს გვიხდიდნენ, თან სამხედრო სამსახურში გვეთვლებოდა. 400 მეტროს გვირაბი იყო აფეთქებული, არადა, აღდგენით სამუშაოებზე 22 წლის ახალბედა ინჟინერი ვიყავი. ისე აღვადგინე, რომ სამხედრო წოდება ამიმაღლეს. არადა, იმ დროისთვის თურმე ჯარიდან თავისუფალი ვყოფილვარ. რკინიგზის ტრანსპორტის სამინისტროს უჩივლია, მთელი სპეციალისტები ჯარში წაიყვანეს და მეტროს ვეღარ ვაშენებთო. შემდეგ სტალინმა განკარგულება გასცა და 1950-1951 წლებში ვინც წაგვიყვანეს, ყველა უკან გამოგვიშვეს" - იხსენებს მშენებელი.

ბატონმა აბესალომმა კარიერა თბილისის მეტროში ავლაბრის მეტროს ცვლის უფროსის თანამდებობით დაიწყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითქმის ყველა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა, იყო მინისტრიც.

"დიდუბიდან მეტროს სადგურიდან დაწყებული, სამგორის ჩათვლით, მე ავაშენე. მეორე ხაზზე კი - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. სერიოზული სირთულე არაფერი ყოფილა. თავისუფლების მოდანზე, ყოფილი "ცეკავშირის" შენობასთან შახტა იყო და მშენებლობა იქიდან მიმდინარეობდა. მიწა რომ ითხრებოდა, გამოტანისას ბევრი წყალი მოყვებოდა და მიწა იშლებოდა. შემდეგ წყალი გავყინეთ და ბოლომდე მაინც ისე ჩავედით... იმ პერიოდში სტალინი გარდაიცვალა, მის ადგილას ხრუშჩოვი დადგა და 1953 წლის 8 აგვისტოს მოსკოვიდან მივიღეთ ბრძანება - თბილისში მეტროს მშენებლობა ლიკვიდირებულ იქნას და "თავისუფლების მოედანზე" მთავარ შახტასთან ბალასტი ჩაყარეთ! მოკლედ, ხრუშჩოვმა თბილისში მეტროს მშენებლობა გააუქმა...

საქართველოს მაშინდელი ცკ-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო, ხრუშჩოვის ცოლი მისი ცოლის და იყო. როდესაც მოსკოვში ქვისლთან ჩავიდა, არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ ხრუშჩოვს შეუგინია და ბრძანება გაუცია - თბილისის მეტროს ლიკვიდაცია კონსერვაციით შეიცვალოსო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა მშენებლების განახლება. საუბრობდნენ, რომ ისეთი მეტრო უნდა აშენდეს, თავშესაფრად გადაკეთდესო, მაგრამ ჩვენ თავდაცვით ნაგებობად ის არ გვინდოდა, - მეტროს ვაშენებდით.

- დღესდღეობით მეტრო არის თუ არა თავდაცვითი ნაგებობა?

- ხომ გითხარით, მაშინ ის თავდაცვითი ნაგებობა არ ყოფილა, მეტროს ვაშენებდით, მაგრამ ის გამოდგება თავდაცვით ნაგებობად. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მეტრო მოსახლეობის 60-65%-ს დაიტევს. იქ გვირაბებიც ხომ არის, ნაძალადევიდან სამგორამდე სულ გამოთხრილია. რომ დააკვირდეთ, თავადაც მიხვდებით ესკალატორებით, რომელ სადგურზე რა სიგრძეზეა გათხრილი. ზოგან 60 მეტრია, ზოგან 65, 80-იც. სადგურები და გვირაბები კიდევ უფრო ღრმაა.

 

- ერთი სადგურის მშენებლობას რა დრო სჭირდებოდა?

- მაგალითად, სამგორი 3 წელიწადში ავაშენეთ, ოღონდ, ღია წესით და მერე გადაიხურა - საქმემ ასე მოითხოვა.

 

- თბილისის მეტრო სამ ადგილას (მარჯანიშვილი-რუსთაველი, თავისუფლების მოედანი-ავლაბარი და ვაგზლის მოედანი-წერეთლის გამზირი) მტკვრის ქვეშ გადის. რამდენად უსაფრთოა ეს გვირაბები?

- ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა - ტექნიკური უნივერსიტეტიდან წერეთლის გამზირამდე, გვირაბის თავამდე სულ 12 მეტრია. მთელი ეგ მონაკვეთი მტკვრის ფსკერი ძალიან სქელი, რკინაბეტონის ორმეტრიანი ფილით გადავხურეთ, საშიში ისედაც არ იყო, მაგრამ თავდაცვის მიზნით გაკეთდა ასე. თუმცა, სანამ მტკვრის ქვეშ შევიდოდით, გვეშინოდა. ამიტომ გადაწყვეტილი იყო, ორივე მხარეს 80 სანტიმეტრი რკინა-ბეტონის კედელი აგვეშენებინა და ჰერმეტული კარებები გაგვეკეთებინა, რომ წყალი აქეთ არ წამოსულიყო.

- იქნებ თბილისის მეტროს გახსნის დღეც გაიხსენოთ...

- ბრიგადის ხელმძღვანელი ვიყავი, ვისაც დავალებული გვქონდა, შეგვემოწმებინა პირველი ტრასა - დიდუბიდან რუსთაველამდე და შეიძლებიდა თუ არა მატარებლის გატარება. დილის 9 საათზე რომ დავიწყეთ, საღამოს 8 საათამდე ვამოწმებდით (6-კაციანი ჯგუფი ვიყავით). კომისიის თავმჯდომარე იყო მოსკოვიდან მოვლენილი მინისტრის მოადგილე კაჩალოვი, საცდელი მატარებლის გავლა უნდა მიეღო. მატარებელმა იდეალურად გაიარა. სხვა ქალაქებშიც დავსწრებივარ, მაგრამ ასე წარმატებით არსად გაუვლია მატარებელსო. პირველად დიდუბე-რუსთაველის ხაზი გაიხსნა. ვასილ მჟავანაძე ესწრებოდა, ასევე რუსთაველი-300 არაგველის გასხნასაც. პირველი მგზავრები მთავრობის შემადგენლობა იყო. თავისუფლების მოედანი და 300 არაგველი რომ გავხსენით და მატარებელი უკან ბრუნდებოდა (მაშინ ცალ მხარეს დადიოდა, მოსაბრუნებელი არ იყო), მჟავანაძეს მოვუკითხივარ (მე მეორე შემადგენლობაში ვიყავი, ცხადია, პირველით მთავრობა იყო), მეტროს ფოიეში ლოდინი დაუწყია და "კაგებეს" მაიორისთვის დაუვალებია, ის კაცი მოიყვანეთო. მეც მივედი, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. დასვა და ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა.

 

- თქვენს ოჯახზე რას მოგვიყვებით?

- მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, პიანისტი, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული (ბატონი აბესალომი მეუღლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელსაც გულის ჯიბით ატარებს), მაგრამ ავადმყოფობის გამო ადრე დავკარგე... 2005 წელს კი 40 წლის შვილი დამეღუპა, უნიჭიერესი და წარმატებული ბიჭი... მისგან შვილიც არ დამრჩენია, დაოჯახებული არ იყო. ახლა მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი დავრჩით. ისიც ავად არის და მისი მოვლა მე მიწევს. რა ვქნა, ასე მოხდა, გული კი მწყდება, მაგრამ ასეთია ცხოვრება...

 

- გზა, რომელიც ცხოვრებაში აირჩიეთ, თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა...

- დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. მე ექიმობა არ მინდოდა. თბილისში კახეთიდან, ყვარლის რაიონის სოფელ შილდადან ინსტიტუტში საბუთების შესატანად რომ ჩამოვედი, დილას თბილისში ჩამოსულმა საღამოს 5-ის ნახევრამდე ინსტიტუტს ძლივს მივაგენი. მერე დავწერე განცხადება, ფაკულტეტი ავირჩიე და მომავალში უკვე გავხდი ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტი.

 

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო