ავტორი:

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო

"მამა ნეოფიტეს თირკმელი უნდა გადაუნერგონ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და საკუთარ თირკმელს უთმობს მამა ალექსი. ილოცეთ ორივესთვის, რომ მშვიდობით დამთავრდეს ოპერაცია" - ამის შესახებ დეკანოზმა პეტრე კოლხმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. ოპერაცია თურქეთში დღეს, 11 იანვარს უნდა ჩატარდეს. ამ დიდსულოვანი ჟესტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, AMBEBI.GE მამა პეტრეს დაუკავშირდა.

მამა ნეოფიტე დაშნიანი, რომელსაც თირკმლის გადანერგვის ოპერაცია უტარდება, ყინწვისის მამათა მონასტერში წლებია მოღვაწეობს, მის სახელს ბევრი ეკლესია-მონასტრის რესტავრირება უკავშირდება და ასევე, არაერთი მონასტრის მშენებლობა. მამა ნეოფიტეს რუის-ურბნისის ეპარქიაში "ხევისბერის" ტიტული აქვს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მამა ნეოფიტეს დედა ნინო დაშნიანი, სქინმონაზონი იყო და ის რუის-ურბნისის დედათა მონასტრის ეზოში განისვენებს. მამა ნეოფიტე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

"როდესაც მამა ნეოფიტესთვის თირკმლის გადანერგვის ოპერაცია აუცილებელი გახდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, სად ეშოვათ ის, მონასტრის ერთ-ერთმა წევრმა, ყინწვისის მონასტრიდან, მამა ალექსი ნიკოლიშვილმა (რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია მონასტერში მსახურობს), თქვა, რომ თირკმელს დაუთმობდა. ეს მართლაც საოცარი ისტორია და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტია თავდადების, გმირობის, მეგობრობის, გვერდით დგომის.

მამა ნეოფიტეს მამა ალექსი თან გაჰყვა თურქეთის კლინიკაში. ნახევარი საათით ადრე შეიყვანეს მამა ალექსი და ნახევარი საათის შემდეგ შეიყვანენ მამა ნეოფიტეს, რომ მოხდეს თირკმლის გადანერგვა. ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, წარმატებით ჩატარდება და სამშობლოში ორივე ჯანმრთელი დაბრუნდება...

- მართლაც საოცარი ფაქტია, როდესაც ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მოძმის დასახმარებლად...

- კი, ასეა, ის საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ერთი შეხედვით, ამბობს უარს და მეგობრისთვის თავგანწირვას იჩენს. დღევანდელ დღეს ნამდვილად სამაგალითო ფაქტია, ალბათ, იშვიათობაც და ამას დაფასება სჭირდება, რომ დავინახოთ, რა არის მეგობარი მეგობრისთვის, მხარში დგომა. ეს არის უპირველესად ბერობა და სულიერება.

როდესაც ნათესავებში დონორი არ აღმოჩნდა ნეოფიტესთვის, მამა ალექსიმ როგორც კი ამის აუცილებლობა დაინახა, მხარში დგომა მხოლოდ სიტყვიერად კი არა, საქმით გამოხატა - გადაწყვიტა თავისი თირკმელი დაეთმო. სასულიერო პირმა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნათესავებთან შეუთანხმებლად მიიღო, მამა ალექსის ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ, მის დედას რომ არ ენერვიულა. როდესაც ამის შესახებ დავწერე, მაშინ გაიგო მისმა დედამაც. დაურეკავს ბერისთვის დედას და უთქვამს: "მადლობა შვილო, რომ მეგობრისთვის ასეთი რამ შეძელი და გააკეთეო. ჯანმრთელობას ვუსურვებ ორივეს!

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

რატომ აფრთხობს მსოფლიოს ნაწილს ჩინური ვაქცინა და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აცრის შემდეგ იმუნიტეტმა?

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა