"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს

"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს

ბოლო რამდენიმე წელი ნელი აგირბას ცხოვრებაში განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა: განშორება, ტკივილი, იმედგაცრუება, ოცნებების მსხვრევა და მერე - ახალი სიყვარული, ახალი იმედები და წარმოუდგენელი ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ შიში ახლდა - დაკარგვის შიში, რომელიც სამწუხაროდ, რეალობად იქცა.

- შენ და ილო ბეროშვილი ცნობილ ადამიანებს შორის, გამონაკლისი ხართ იმ თვალსაზრისით, რომ განქორწინების შემდეგ, კარგი ურთიერთობის აწყობა შეძელით...

- ილო ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და მგონი, ისიც ასე ფიქრობს. ერთმანეთისთვის გულწრფელად ახლობელი და ძვირფასი ადამიანები ვართ. თავიდან დაძაბული  ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერს ბავშვებისთვის ვცდილობდით. მაგრამ მერე, დროსთან ერთად, დაძაბულობა გადის.

- რაც შეეხება გათხოვებას, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი.

- ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. ერთმანეთს "ჯემ ფესტზე" შევხვდით. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იქ რაღაც მოხდა, დაახლოებით ისეთი, ელვა რომ დაგეცემა. რაღაც პერიოდი თავს ვიკავებდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო. მაშინ ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. პირველად ვიგრძენი, რომ მე არ ვარ ცალკე ადამიანი. ორივეს გვქონდა განცდა, რომ ერთნი ვიყავით დაბადებამდე, სახელებამდე და საერთოდ, ყველაფერ იქამდე, რაც ამქვეყნად პირობითია. ვერ ვამბობდით - "მიყვარხარ", იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სუბიექტის ურთიერთობაა. ვამბობდით - "შენ ვარ", იმიტომ, რომ ასე ვგრძნობდით. მას რომ ვეხებოდი, ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეხებოდი. ამიტომ, გვქონდა განცდა, რომ მეორე ნახევარი არსებობს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ. მანამდე ორივეს გვქონდა წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება და ამიტომ, ორივე "აცრილები" ვიყავით. ქორწინების გვეშინოდა, მაგრამ მაინც ძალიან გვინდოდა. ყოველდღე ვამბობდით: "ამ პარასკევს ხელს ვაწერთ". ბოლო-ბოლო, გადავწყვიტეთ და  წავედით. მეჯვარეები გზადაგზა ავკრიფეთ, სიღნაღში ჩავედით და სუპერმაგარი ქორწილი გვქონდა. გამოვიდა, რომ ექვსი თვე ვიყავით ქორწინებაში. მერე მოხდა, რაც მოხდა.

მაშინ ჩემთვის მთელი სამყარო დაინგრა. ძალიან გამიჭირდა დარჩენა, მაგრამ ლოგიკურად ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის საჭიროა ჩემი აქ ყოფნა. ემოციურად აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი და ვეძებდი გზას, აქ დასარჩენად. თეორიულად ვიცოდი, რომ დრო კურნავს. ამიტომ, ყოველდღე ვფიქრობდი - "დღევანდელ დღესაც გაუძელი ბოლომდე" და ასე, ნელ-ნელა შევძელი. თან, ძალიან ბევრს ვმედიტირებდი და ეს მშველოდა. მერე ცოტნეს, ჩემი ქმრის შვილს, გავყევი ტურნირებზე – ის ძალიან წარმატებული ჩოგბურთელია. ამ ტურნირებზე მომიწია თავის ხელში აყვანა, იმიტომ, რომ ცოტნეს ძალიან ვჭირდებოდი. სანამ ორმოცი დღე გავიდოდა, ლაფერამ მითხრა: მოდი, ჩვენც გვჭირდები, მაგრამ შენ კიდევ უფრო გჭირდებითო. მივედი და ვცადე, მაგრამ როგორც კი ტექსტი ავიღე წასაკითხად, ეგრევე გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და თავი ძლივს შევიკავე. მეორედ რომ დავბრუნდი, თავი ხელში ავიყვანე და ცოტ-ცოტას ვმუშაობდი.

- ჩელეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- კი, გულზე ჰქონდა პრობლემები და ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო, რაც ძალიან მწყინდა... იმდენად ბედნიერები ვიყავით, სულ გვეშინოდა. ეს ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება, რაღც მოხდება-მეთქი, ვფიქრობდი...

- "კურიერიდან" წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- წამოვედი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. ბოლოს ცოტა ხანი დავისვენე, აზრზე მოვედი, მაგრამ რომ დავბრუნდი, ისევ ცუდად გავხდი. ვეღარ "გავქაჩე" და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ველოდები, რომ რაღაც გამოჩნდება.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტრადიციულ სეზონურ აქციას სთავაზობს

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო