"მეგობრები, რომლებიც კომუნიკაციაში არიან ჩართული, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება"

"მეგობრები, რომლებიც კომუნიკაციაში არიან ჩართული, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება"

კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“.

„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა „რუსთავი 2“-თან არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყოდით კი, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არა".

მისივე თქმით, როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია, რთულია რაიმე ამტკიცო. „ყველას შეიძლება დაემართოს“, - განაცხადა ხაჩიროვმა.

მისივე თქმით, ტატუნაშვილის საკითხით პირადად დაინტერესდა. „მივედი ჩვენს პრემიერთან, ვკითხე, როგორი ვითარება იყო და რატომ არ აბრუნებს ჩვენი მხარე ცხედარს. ამიხსნეს, რომ ამაზე სპეცორგანოები მუშაობენ და ექსპერტიზის საკითხსაც უკავშირდება. ელოდებიან საერთაშორისო ორგანიზაციას, წითელ ჯვარზე საუბარი არ არის. კიდევ სხვა ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ. არ მაქვს კონკრეტული პასუხი, როდის მოხდება ცხედრის გადაცემა“,- განაცხადა ხაჩიროვმა.

შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. თავად ხაჩიროვმა მის მიმართ გაჟღერებულ ამ ბრალდებას პროვოკაცია უწოდა. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები