გეორ-გია ფორმას ინარჩუნებს

 გეორ-გია ფორმას ინარჩუნებს

პლიაჟის ფრენბურთის ქართული წყვილი გეორ-გია ბოლო ხანს კარგ ფორმაში იმყოფება, რაც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაწყებულ მსოფლიო ტურის ეტაპზეც მტკიცდება. Patria Direct Open-ის სახელით ცნობილ ტურნირში ჩაბმულმა გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო და ოთხში გამარჯვება იზეიმა.

გეორ-გიამ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ზედიზედ სამი მოგება მიითვალა. მე-2 ნომრად განთესილმა ბრაზილიელმა ქართველებმა სლოვაკურ (მაიზელი-კრისკო, 64-ე განთესვა) და შვეიცარიულ (შევალიე-სუტერი, 34) წყვილებს – 2:0, შესაბამისად, 21:12, 21:11 და 22:20, 21:13 სძლიეს.

ჩვენს ტანდემს ყველაზე რთული ბრძოლა კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში გადახდა, სადაც მე-18 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელებს (ბოერსმა-ბროუერი) 2:1 (19:21, 21:16, 15:13) მოუგო.

ძირითადი ბადეში გასულ გეორ-გიას მე-18 განთესვა მიენიჭა, მათი პირველი მეტოქეები კი მე-15 ნომრის მქონე ავსტრიელები – გოში და ჰორსტი იყვნენ. სამწუხაროდ, გამარჯვება მეტოქეებს დარჩათ – 2:0 (21:17, 21:18).

მომდევნო მატჩში გომეშმა და ტერშეირომ ჩეხებს – რუკასა და როტრეკლს (31-ე) 2:0 (21:17, 21:16) სძლიეს და ასპარეზობის გაგრძელების უფლება მიიღეს.

18 ივნისს, ჩვენი წყვილი პირველ ნომრად მიჩნეულ ამერიკულ წყვილს (როჯერსი-დალჰაუზერი) გაეჯიბრება, რომელთაც თანამემამულეებთან (გიბი-როზენალი) სენსაციურად წააგეს. თუკი ქართულმა დუეტმა ამერიკულს აჯობა, შემდეგ რაუნდში რუსულ და ესტონურ წყვილებს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

გეორ-გიას 120 სარეიტინგო ქულა და 2 800 დოლარი უკვე განაღდებული აქვს. აქვე დავძენთ, რომ პრაღის ეტაპი მხოლოდ ვაჟთა შორის მიმდინარეობს, ამდენად, ქალთა წყვილი საქა-რთველო ჩეხეთში არ იმყოფება.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო