მალხაზ გულაშვილის მეუღლე: "არც ოპოზიციის კარზე ავიტუზები და არც ხელისუფლების"

მალხაზ გულაშვილის მეუღლე: "არც ოპოზიციის კარზე ავიტუზები და არც ხელისუფლების"

ტელეკომპანია "კავკასიაში" ე. წ. ლიბერალებსა და მართლმადიდებლობის დამცველთა შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა და მისმა ვაჟმა დავითმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ახალგორიდან, მოსკოვს მიაშურეს.

10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა-შვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და მის ევროსასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. გვესაუბრება გულაშვილების ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე:

- მოქმედი კანონმდებლობის და კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია გადაადგილდეს ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე. სააკაშვილის მიერ მიღებული ოკუპაციის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. თუ ცხინვალის რეგიონში გამშვებ პუნქტთან არ დგანან საქართველოს მესაზღვრეები, ეს სახელმწიფოს მინუსია და არა გულაშვილის დანაშაული.

მითითებული მუხლით პირის პასუხისგებაში მიცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ამ პიროვნებამ ერთხელ უკვე ჩაიდინა დანაშაული და დააჯარიმეს. ასეთი დანაშაული კი მამა-შვილს არ ჩაუდენია. თუ ხელისუფლება აღიარებს, რომ სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაშინ ეს ოფიციალურად განაცხადოს და თქვას, რომ საზღვარი დაირღვა.

მალხაზ გულაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე ევროკონვენცია გვეუბნება, რომ როცა ამა თუ იმ პიროვნებას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც თავის დაცვის საშუალებას აძლევს. ეს კაცი პოლიტიკური დევნილია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მართლმადიდებლობის დაცვისთვის გიჭერენ.

გულაშვილი გაზეთის რედაქტორი იყო და შემდეგ მართლმადიდებლური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის მართლმადიდებლობის დაცვა მტკივნეული თემაა. თუ გულაშვილი რუსების აგენტი იყო, ამათ მოერიდებოდათ სამშობლოს მოღალატისა და აგენტის იარლიყის მიწებება?! აგენტები მოიკითხონ ხელისუფლებაში! მალხაზ გულაშვილის ვაჟს სკოლის დამთავრების საშუალება არ მისცეს, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებამ დე იურე აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ნანა გაგუა, მალხაზ გულაშვილის მეუღლე, გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" რედაქტორი:

- ბრალდება აბსურდულია. თუ საზღვარს უცხო ქვეყნიდან გადმოკვეთს ვინმე, ცხადია, უნდა დააკავო, მაგრამ როდესაც აქედან გადადიხარ ტერიტორიაზე, სადაც არც საზღვარი არსებობს, არც პუნქტი და არც მესაზღვრე, ეს დანაშაული ვერ იქნება. ეს ყველაფერი მალხაზისა და ჩემი დათუნასთვის გაკეთდა, რომლებიც დევნილებად აქციეს. რომელიმე ჩვენი მოქალაქე ლუკმაპურის საშოვნელად, ალბათ, ამ წუთშიც კვეთს საზღვარს, მაგრამ ეს ყველასთვის შეუმჩნეველია.

როგორ ფიქრობთ, მალხაზი ასეთ გაუგებრობაში შვილსაც ჩარევდა, რომ არა ჩვენი ოჯახის გარშემო ელვისებურად განვითარებული მოვლენები? როგორც ოჯახის დედა და მეუღლე, ორი პატიმრის პატრონი და "ჯორჯიან თაიმსის" რედაქტორი, ოფიციალური წერილით მივმართავ მსოფლიოს ყველა მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთოს, გაეროს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაციას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, მუსლიმანური ქვეყნების ლიდერებსაც.

შევჩივლებ, რომ შეიბღალა ჩვენი უმთავრესი სიწმინდე, რელიგია, ტრადიციები, ზნეობა და ეს გახდა ჩემი მორწმუნე მეუღლისა და ვაჟის დევნის საბაბი. ჩვენს ოჯახზე განხორციელდა მორალურ-ტერორისტული აქტი. სხვათა შორის, პროცესამდე 48 საათით ადრე ჩვენს ოჯახში შემოიპარა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი დიმიტრი გიორგაძე, რომელმაც მომიტანა არა უწყება იმის შესახებ, რომ ჩემს მეუღლეს იბარებდნენ ჩვენების მისაცემად, არამედ ოქმი, რომელიც იუწყებოდა, რომ 48 საათში უნდა გამართულიყო სასამართლო. როდესაც ვკითხე, მანამდე უწყება რატომ არ მომიტანეთ-მეთქი, მითხრა, არაფერია საჭირო, მხოლოდ ადვოკატი უნდა მოვიდეს, გაეცნოს მასალებს და პროცესი ჩაინიშნოსო. არ არის ეს კანონის უხეში დარღვევა?!

პროტესტის ნიშნად არ დავესწარი პროცესს, რომელსაც ჩრდილების თეატრი ვუწოდე. იქ თქმულა, რომ თურმე მალხაზ და დავით გულაშვილები გამოძიებას დაემალნენ. კატეგორიულად მოვითხოვ, მომიტანონ ის უწყება, რომელიც ჩვენების მისაცემად იწვევდა ჩემს ქმარ-შვილს, რომელზეც ხელი მაქვს მოწერილი და რომელიც ბუნებაში არ არსებობს. დღეს ჩვენს ქვეყანას ჰქვია არა საქართველო, არამედ "მონანიება-2".

ღამით ჩემს ოჯახში გამომძიებელი და ვიღაც მისი თანამეინახე რომ შემოიძურწნენ, თავი ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა. დადგება დრო და სააკაშვილის სახლშიც ირბენენ წინ და უკან სამართალდამცველები. წელიწად-ნახევარია, ჩვენს ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს და ამის შესახებ ხან ტელევიზიით, ხან ჩვენი გაზეთით, ხანაც პრესკონფერენციის საშუალებით ვამბობდით, თუმცა ამით არავინ დაინტერესებულა. ჩემი შვილი არ დაბადებულა, თორემ გაიზარდა დიდუბის ეკლესიაში, სადაც სტიქაროსნად მსახურობდა... მე ამათ ქმარ-შვილი ამაგლიჯეს.

დღეს გვერდში არავინ მიდგას, თანადგომის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს, ერთადერთი, ლეიბორისტებმა და კახა კუკავამ გააკეთეს განცხადება პირველ დღეს. არც არავისთვის მითხოვია დახმარება. არც ოპოზიციის კარზე ავიტუზები და არც ხელისუფლების, არ მჭირდება. მყავს უმცროსი ვაჟიც, მამასავით ტრადიციებისა და სარწმუნოების პატივისმცემელი. იცოდეთ, ფეხიც რომ გადაუბრუნდეს, ხელისუფლებას დავაბრალებ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ