გამოვიდეს კალაძე, რომ დაიპრანჭება კამერების წინ - მიაყუდა ხომ ახლა სელფის ჯოხი, როდესაც პრობლემის წინაშე დადგა?! გამოვიდეს, განმარტებებს ელოდება ყველა, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარის გამო თბილისის მერი გააკრიტიკა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს 100 ათასობით, თბილისში კი ათიათასობით ადამიანი მიმართავს, რომელთაც ხშირად ლუკმა პურის ფული უჭირთ და 100, 150, 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ. ელისაშვილის განცხადებით, არსებული წესის თანახმად, ფულადი დახმარებები 6 თვეში ერთხელ ერთჯერადად გაიცემა.
"თუ თანხას მისცემენ, გამგებლის წყალობა უნდა იყოს ეს და გამგებლის ხატები უნდა დაიდგა და სანთლები დაუნთო. შესაბამისად, ასე მარტივად არ ხდება. და უცბად, 30 ათას ლარს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის უხდი ისეთ ადამიანს, რომელიც ღმერთმა მისცეს, მილიონერია, ვიცით. ფული აქვს. რატომ უფინანსებ ამას და რატომ არ უფინანსებ ისეთს, რომელიც შეიძლება განწირულია. ასეთი არ ვიცით და განცხადება არ შედის მერიაში თუ როგორ?! შესაბამისად, გამოვიდეს კალაძე, რომ დაიპრანჭება კამერების წინ. მიაყუდა ხომ ახლა სელფის ჯოხი, როდესაც პრობლემის წინაშე დადგა?! გამოვიდეს, განმარტებებს ელოდება ყველა. მისი კუდრაჭობა კი არ გვაინტერესებს სადღაც კამერებთან, გვაინტერესებს, კონკრეტულად ჩვენს ფულს რატომ ანაწილებს ასე? რატომ არ ანაწილებს თანაბრად? თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან მარტო ადამიანები, რომელთაც ფული ან საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებათ? თუ გაჭირვებულ ადამიანებს ვერ ხედავენ ამ ქვეყანაში, შემიძლია მივუყვანო დასტა–დასტა. თვითონაც კარგად იციან. ალბათ შტაბელებად უწყვიათ მათი განცხადებები. მაგრამ ეს არის, რომ "ქართულ ოცნებას" ფეხებზე ჰკიდია ხალხი თავის პრობლემებიანად! უკაცრავად, გამოთქმისთვის, მაგრამ ასეა", – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ამ კრიტიკის შემდეგ თბილისის მერი ელისაშვილის "პროვინციულ ლანძღვა–კრულვას დაიწყებს". ელისაშვილმა კალაძეს "ნაცარქექიას" ზღაპრის შინაარსიც შეახსენა, რომელიც სამთავიან დევს თავს აჭრის და გამოქვაბულს ისაკუთრებს.
"ამ კრიტიკის შემდეგ გამოვა კალაძე და პროვინციულ ლანძღვა–კრულვას დამიწყებს. ჯერ ერთი "ნაცარქექია" თუ აქვს წაკითხული, ნაცარქექიამ დევი გამოაგდო და სამივე თავი მოაჭრა და გამოქვაბული თვითონ დაისაკუთრა. წიგნების კითხვა ამიტომ არის კარგი. ის პერსონაჟი მაინც უნდა იცოდე, როგორი გმირია და როგორ მთავრდება ის მოთხრობა. მაგ ნაცარქექიას შინაარსი არ აგისრულოთ იმ ნაცარქექიად წოდებულმა. გამოვიდეს კალაძე და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადოს. სამი დღეა დამალულია", – დასძინა ელისაშვილმა.