„რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

„რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. შსს-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან. გარდა ამისა შსს-ში გამოძიება ორ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

„თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, “ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ