”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ იმ ადამიანთა წრე, რომლებიც ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იქნება, ძალიან შეზღუდული იქნება. სამადაშვილმა პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვაზე პროექტის წარმდგენს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს მიმართა, ჩამოთვალოს რამდენიმე ადამიანი ვინც ამ სიაში მოხვდება.
”თუ შეიძლება ჩამოთვალეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც შეეხება ეს სანქციები. ჩემი ვარაუდით, ეს წრე ძალიან შეზღუდული იქნება და რეალურად ატყუებთ საზოგადოებას თითქოს დაეთანხმეთ რაღაც შემოთავაზებას ქმედით ნაბიჯებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ამ რეზოლუციის პროექტში არ არის გზავნილი, რომ რუსეთმა აიღოს საკუთარ თავზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.
”ამ რეზოლუციის ტექსტში თქვენ დაგვპირდით, რომ ჩაიწერებოდა ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე იურიდიული ძალის მქონე ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება. გავეცანი ყურადღებით ტექსტს და ეს მოთხოვნა ამ ტექსტში არ გაჟღერებულა”, - აღნიშნა სამადაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
"რა თქმა უნდა, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ამ რეგიონებში ხდება, მათ შორის პასუხისმგებლობა ეკისრება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მიუხედავედ იმისა, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ასე უხეშად შეილახა, საქართველო წონასწორობას არ დაკარგავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეეცდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და შექმნილ ვითარებაზე, რაც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პასუხები იქნას გაცემული. ამავე დროს, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომნ ჩვენი გუნდის პოლიტიკა და მიდგომა პრობლემებთან მიმართებით განუხრელად რჩება პრაგმატული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ რეზოლუციის პროექტის წარდგენისას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.