წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე, - ამის შესახებ ნათქვამია ცენტრ „ემპათიის“ განცხადებაში, რომლის ექსპერტიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა.

„არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, 2018 წლის 20-21 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულიბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე. ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი“, - ნათქვამია ცენტრ „ემპათიის“ განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო წესით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო ყარაული უკვე სოფელ წილკანშია.
გარდა ამისა, ტატუნაშვილის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო აიღებს.
ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, სოფელ ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
"სამოქალაქო პანაშვიდები ოჯახში გაიმართება. შაბათს დილას, ვფიქრობთ, რომ გადავასვენოთ წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, შემდეგ მოხდება იქიდან გადასვენება ქანდის სასაფლაოზე“, - განაცხადა თინიკაშვილმა.