ნინა ხრუშჩოვა - სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთზე უარესები არიან

ნინა ხრუშჩოვა - სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთზე უარესები არიან

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზეზებზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ნიუ-ორკის უნივერსიტეტის ნიუ-სკულის საერთაშორისო სამართლის პროფესორს, სსრკ-ს გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილს, ნინა ხრუშჩოვას ესაუბრა. იგი ამჟამად საქართველოში იყოფება.

-ქალბატონო ნინა, ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთის მიმართ გადატვირთვის პოლიტიკას ახორციელებენ, მაგრამ, თქვენი აზრით, რეალურად, რა ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტი ვაშინგტონში?

-აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა ფორმალურად პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს, ერთი წლის წინ დაიწყო. ამ პოლიტიკის განხორციელებას ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სირთულე სდევდა, მაგრამ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. საერთოდ, პოლიტიკაში, განსაკუთრებით ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტებს შორის ურთიერთობებს. ობამასა და მედვედევს მართლაც კარგი პირადი ურთიერთობები აქვთ. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორია პრეზიდენტ მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტის პროგრამა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიზიტი წარმატებული იქნება. საინტერესოა ისიც, რომ მედვედევის ვიზიტი ვაშინგტონში მოსკოვში ობამას ვიზიტის ერთი წლის თავზე შედგება. საერთაშორო ურთიერთობებში ამგვარი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება. ჩემი აზრით, აშშ-ში მედვედევის ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გადატვირთვის პოლიტიკა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქმე იმაშია, რომ ობამაც და მედვედევიც დაინტერესებულნი არიან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმში გაგრძელებით.

-ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, გადატვირთვის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე მოხდა. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრება? აშშ გავლენის სფეროებს არ აღიარებს, მაგრამ, რეალურად, ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის დომინირების უფლებას ეგუება?

-მე ვერ ვიტყვი, რომ გადატვირთვის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ხორციელდება. უდავოა, რომ ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის დომინანტურ როლს აღიარებს. ობამა, თავისი პოლიტიკური მორალითა და ეთიკით, მიიჩნევს, რომ აშშ-მა პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით რუსეთს ქცევის წესები კი არ უნდა უკარნახოს, არამედ ყური დაუგდოს, თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე.

ობამას მსოფლიოს ამ რეგიონისადმი პრაგმატული დამოკიდებულება აქვს და მსოფლიოს ყველა რეგიონისადმი ახალი პოლიტიკის შემუშავებას ცდილობს. მისი პოლიტიკა გაცილებით ნაკლებად არის იდეოლოგიზირებული, ვიდრე - თეთრი სახლის წინა ადმინიტრაციის პოლიტიკა, რომელიც თავის ანტირუსულ პოლიტიკას უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე აგებდა.

-ფაქტია, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ დათმობებზე მიდის. თქვენი აზრით, რა დათმობებზე წავა რუსეთი და წავა თუ არა საერთოდ რაიმე დათმობებზე?

-არ მესმის, როგორ უნდა წასულიყო დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში დათმობაზე საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე. ობამა კრემლის წინააღმდეგ სააკაშვილის იარაღად გამოყენებას არ პირებს. მესმის, რომ რუსეთის ხელისუფლება გონიერებით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით - პრემიერ-მინიტრი პუტინი, მაგრამ მე უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, მალე სრულად აღსდგება საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთის მხრიდან რაიმე ტიპის დათმობებზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისი. რუსეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს და და მას ინვესტიციები სჭირდება.

-საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ რუსეთის მიმართ დათმობებში ის ვიგულისხმე, რომ საფრანგეთმა იმ რუსეთზე გადაწყვიტა სამხედრო გემებისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიყიდვა, რომელშიც დემოკრატიის დონე დასავლური სტანდარტებს აშკარად არ აკმაყოფილებს და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაბალია. გარდა ამისა, რუსეთი საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართალს უტიფრად არღვევს. . .

-მე რუსეთს საქართველოსთან მიმართების მხრივ ყველაფერში არ ვამართლებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპას არა აქვს ან ნაკლები საფუძველი აქვს, სააკაშვილისადმი სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ევროპა უფრო ძლერ პარტნიორს ირჩევს.

-პრეზიდენტმა სააკაშვილმა არა ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. ამ განცხადებებს კრემლი უკეთეს შემთხვევაში უპასუხოდ ტოვებს. ასეთ ვითარებაში, როგორ გესახებათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთოების პერსპექტივა?

-მოსკოვს სააკაშვილის არ სჯერა და არ ენდობა. მე პუტინის პოლიტიკას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთზე უარესები არიან. არ მიკვირს, რომ კრემლს სააკაშვილის არ სჯერა. სერიოზული პოლიტიკოსი იმ ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, როგორსაც რუსეთის მისამართით სააკაშვილი აკეთებდა. შესაძლოა, მისი განცხადებები რუსეთის მისამართით ბევრწილად სამართლიანიც იყო, მაგრამ პოლიტიკა, პირველ ყოვლისა, დიპლომატიაა. სამწუხაროდ, სააკაშვილი კარგი დიპლომატი არ აღმოჩნდა. რუსეთის შეურაცხყოფა მისი საყვარელი საქმიანობა გახდა. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი რუსეთს ყოველთვის უსამართლოდ აკრიტიკებს, მაგრამ ფაქტია, რომ შეურაცხყოფა არც პოლიტიკაა და არც - დიპლომატია.

-თქვენ სერიოზულად გჯერათ, სააკაშვილს რომ რუსეთისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, მოსკოვი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ე.წ. სამშვიდობოებს გაიყვანდა და რუსული პასპორტების დარიგებას შეწყვეტდა?

-მე არ ვამბობ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ კარგად იქცეოდა. ისტორია თურმეობით ფორმას არ ცნობს. ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ასე არ დაიძაბებოდა. რუსეთი რომ საქართლოს მიმართ სწორად არ იქცეოდა, მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემთვის ისიც ფაქტია - საქართველო რუსეთს ეხმარება იმაში, რომ მის მიმართ დამნაშავე იყოს.

ვიმეორებ, სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთზე უარესები არიან. რუსეთის "ნაციოლალური სიამაყე" -პუტინი სააკაშვილის არასრულყოფილების კომპლექსს დაეჯახა. სააკაშვილს ჰგონია, რომ რუსეთს ებრძვის, სინამდვილეში სააკაშვილის ამგვარი პოლიტიკის გამო რუსეთისა და საქართველოს ხალხები ზარალდებიან. სააკაშვილს იმპერიული ამბიციები აქვს და იმპერატორივით იქცევა. მისი ქცევა დიდი ქვეყნის იმპერატორის ქცევას ჰგავს.

-რაში ვლინდება სააკაშვილის იმპერიული ამბიციები?

-არა, იმას, რასაც მე ვგულისხმობ, იმპერიულს ვერ დაარქმევ. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო მსოფლიოს ცენტრია და მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ იგი დასავლურ მედიაში ხშირად საუბრობს. ამგვარი განცხადებები მის პოლიტიკას არაფერს არ ძენს. მეტიც, ევროპაში მისადმი დამოკიდებულება არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია. ამით საქართველო ზარალდება და რუსეთიც ძალიან ბევრს კარგავს.

-თქვენი აზრით, რუსეთში 2012 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნებიან თუ არა ერთმანეთის კონკურენტები მედვედევი და პუტინი?

-ყველაზე სავარაუდოდ პრეზიდენტად ისევ პუტინის დაბრუნება მეჩვენება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პუტინმა პრემიერ-მინისტრად მისთვის უფრო კომფორტული ფიგურა წამოსწიოს წინ. სხვათა შორის, მე იმაზეც ვფიქრობ, რომ პუტინს პრემიერ-მინისტრობა აწყობს. პრემიერ-მინისტრის რანგში კრიტიკულ სიტუაციაში მას შეუძლია ჩრდილში ყოფნა, ხოლო როცა პრეზიდენტი ერქმება, ყველას ეცოდინება, რომ ყველაფერზე პასუხიsმგებლობა ეკისრება.

2012 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გვაჩვენებს, არის თუ არა პუტინი ჭკვიანი და კარგი პოლიტიკოსი. თუ ის კარგი პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა და მას პრეზიდენტად ეყოლებოდა "ლიბერალი" პრეზიდენტი მედვედევი, რომელიც დემოკრატიაზე, რეფორმებზე და იმაზე ბევრს საუბრობს, რომ რუსეთი სწორი მიმართულებით, დასავლეთისკენ მოძრაობს. დასავლეთი და აშშ კი, ამგვარ განცხადებებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და განსაკუთრებულ მგრძნობიარობას ავლენენ.

-ქალბატონო ნინა, იცით თუ არა, რომ საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვი არ უყვართ და როგორ აფასებთ ასეთ დამოკიდებულებას?

-არ ვიცი. საქართველოში ჩემს მეგობრებთან ყოველ წელს ჩამოვდივარ და ეს არასდროს მიგრძვნია. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო - შესაძლოა, ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში იმის გამო არ უყვარდეთ, რომ პოლიტიკურად ის სტალინი დამარხა, რომელიც ეროვნებით ქართველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ქართველი იყო, მან საქართველოს მეტი ავნო, ვიდრე - კარგი გაუკეთა.

-"სტალინის მოყვარულთა კლუბი" საქართველოში არც ისე მრავალრიცხოვანია. გენმდივან ხრუშჩოვისადმი დამოკიდებულება ხშირად იმით განისაზღვარება, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ აფხაზურ სეპარატიზმს მხარს ღიად უჭერდა და სტალინის სიძულვილის გამო ქართველების ციმბირში გასახლება არაერთხელ აუხირებია. . .

-მე ამის შესახებაც არაფერი ვიცი. ამას წინათ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში გახლდით და ხრუშჩოვისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება არავისთვის შემიმჩნევია. პირიქით, გიდმა როცა გაიგო, რომ ხრუშჩოვის შვილთაშვილი ვიყავი ისეთი მასალებიც დამათვალიერებინა, რომელსაც ყველას არ აჩვენებენ-ხოლმე. მე ვიცი, რომ ძალიან მიყვარს საქართველო და ჩემი ქართველი მეგობრები, რომლებთანაც ხშირად ჩამოვდივარ და აქaურ ვითარებას ვეცნობი, ვსწავლობ.

-ამჯერად თქვენი ჩამოსვლაც ვითარების ადგილზე შესწავლას უკავშირდება?

-ძალიან მაინტერესებს სააკაშვილის ფენომენი. ამერიკას იგი ადრე ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა დამოკიდებულება აშკარად შეცვლილია. ამერიკამ მასში იმდენი ჩადო, რომ ახლა მასზე უარის თქმა ეუხერხულება. საქართველოში ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ სტატიას ვამზადებ და თუ საბოლოოდ რაიმეს დაწერა გადავწყვიტე, იცით როგორ დავასათაურებ? -"საქართველოს ძიებაში".

მე იმ საქართველოს ვეძებ, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა რომ დემოკრატია, მე არ მესმის, როგორ უნდა აეფეთქებინა მას "დიდების მემორიალი" ქუთაისში. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ ძეგლის იმ მოტივით აფეთქება, რომ საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული. ეს იგივეა, ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" საბჭოთა ნაწარმოებად მივიჩნიოთ.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე