პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ საგანგებო განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.

კვირიკაშვილის თქმით, ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება, სადაც ის მინისტრად მოსვლამდე იყო დასაქმებული.

“მინდა წარმოგიდგინოთ ერთი სამთავრობო ცვლილება. წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მე კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პეტრსპექტივაში საჯარო სექტორში ვერ ხედავდა, ეს ისედაც ვიცოდი გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის კერძო სექტორში იყო დასაქმებული. რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე, მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვეღარ შევძელი და მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება.

ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი იყო, ყოველთვის იყო შედეგებზე ორიენტირებული და ბიუროკრატიის წინააღმდეგი ადამიანი. მან ეს საკუთარი მუშაობითაც დაადასტურა მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებაში, რაც არის სივრიცითი განვითარება, სერიოზული პროგრესი აჩვენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და ალავიძის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები - რიკოთის გვირაბი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა და ა.შ. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრერებელი პირობები გაუმჯობესდა, სწორედ მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუაშოსთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ალავიძე მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა, მაია ცქიტიშვილი კი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები