კაპელოს იუბილეს ალჟირში აღნიშნავენ

კაპელოს იუბილეს ალჟირში აღნიშნავენ

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი სენსაციების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. აქამდე დაფიქსირებულ მოულოდნელ შედეგთანგან გამოსარჩევია ესპანეთის შვეიცარიასთან და გერმანიის სერბეთთან მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს ალჟირთან არ წაუგია, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია (ჯერჯერობით) კეიპტაუნში დაფიქსირდა, სადაც ფაბიო კაპელოს ფავორიტად შერაცხული გუნდი მოკრძალებულ ალჟირს უგოლოდ დაუზავდა. “გრინ პოინტ სთედიუმზე” დაფიქსირებული საყაიმო შედეგით ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს იუბილე ჩაუშხამდა – იტალიელი სპეციალისტი თამაშის დღეს 64 წლის გახდა.

ინგლისელები რომ ალჟირთან უპირატესობას ფლობდნენ, ეს გასაკვირი სულაც არაა. გასაკვირი ისაა, რომ ბრიტანელები ბევრად ნამდვილად არ აღემატებოდნენ მეტოქეს და რიგ ეპიზოდებში ჩამორჩებოდნენ კიდეც მას. მაგალითისთვის ავიღოთ ბურთის ფლობა – თუ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს დავუჯერებთ, ამ მხრივ მცირე უპირატესობა რაბაჰ საადანეს შეგირდებს ჰქონდათ. აქვე შეგვიძლია საქებარი სიტყვები არ დავიშუროთ ალჟირელთა დამრიგებლის მიმართ. მისმა დამოძღვრილმა ფეხბურთელებმა ტაქტიკურად ძალზე გამართულად ითამაშეს და რომ არა ინდივიდუალური შეცდომები, ინლისელთა მიერ, ისედაც მცირე ოდენობით შექმნილი სახიფათო მომენტების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდოდა.

მატჩი ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ აფრიკელები მოედანზე მალევე გაშინაურდნენ და ტაიმის შუაწელში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მხოლოდ ალჟირელთა შეტევებს ადევნებდნენ თვალს. შესვენებამდე, ინგლისელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ჯერარდმა და ლემპარდმა შექმნეს, მაგრამ ბრიტანელთა ნახევარმცველების დარტყმებს, მთელი მატჩის მანძილზე უშეცდომოდ მოთამაშე მბოლჰი აღუდგა წინ. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი ალჟირელებმა შექმნეს – ინდივიდუალური ოსტატობის შემდეგ ზიანი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ აფრიკელთა მე-15 ნომერს მიზანმა მცირედით უმტყუნა.

ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო მე-2 ტაიმიც. 56-ე წუთზე, ჯერარდი მეკარესთან ფაქტობრივად ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ დარტყმას მეტოქე ფეხბურთელისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დარჩენილ ნაწილში ბრიტანელები ხშირად აღწევდნენ მეტოქის საჯარიმომდე, ალჟირელთა გმირული თამაშის შედეგად, მათი მაქსიმუმი ყოველთვის კუთხური იყო. საბოლოოდ, როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, ძალზე ორგანიზებულად მოთამაშე ალჟირის ნაკრებმა საწადელს მიაღწია და ისტორიული ქულა მოიპოვა. არაა გამორიცხული, ამ შედეგმა ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხული ინგლისი ჯგუფში ჩატოვოს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისელთა მარცხენა მცველი, ეშლი კოული დასახელდა, რომლის მიერ გაკეთებული 37 გადაცემიდან ადრესატამდე 26 მივიდა. ბრიტანელთა მე-3 ნომერმა გაირბინა 11441 მეტრი, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია.

და ბოლოს – ამიერიდან, ფაბიო კაპელოსთვის მწვანე ფერი ალბათ ყველაზე საძულველი იქნება. საქმე ისაა, რომ პირველი ტურის მატჩში, მისმა გუნდმა ქულები რობერტ გრინის მიუტევებელი შეცდომის წყალობით დაკარგა; მეორე ტურში კი, ინგლისელები “გრინ პოინტ სთედიუმზე” დაუზავდნენ მწვანე ფორმებში გამოწყობილ ალჟირელებს.

კეიპტაუნი, “გრინ პოინტ სთედიუმი” 60000

ინგლისი-ალჟირი 0:0

ინგლისი (4-3-1-2): ჯეიმსი, ჯონსონი, კარაგერი, ტერი, ე. კოული, ბერი (კრაუჩი 84), ლემპარდი, ჯერარდი, ლენონი (რაიტ-ფილიპსი 63), რუნი, ჰესკი (დეფო 74)

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

ალჟირი (3-2-4-1): მბოლჰი, ბუგერა, ბელაიდი, იაია, იებდა (მესბაჰი 88), ლასენი, კადირი, ჰალიჩე, ბუდებუზი (აბდუნი 74), ზიანი (გედიურა 80), მატმური

მწვრთნელი: რაბაჰ საადანე

გაფრთხილება: კარაგერი 58 – ლასენი 85

მსაჯი: რაშვან ირმატოვი (უზბეკეთი)

დარტყმა 15 (6)-11 (1); ჯარიმა 13-13; კუთხური 10-3; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 1-6

სლოვენია 2 1 1 0 3-2 4

აშშ 2 0 2 0 3-3 2

ინგლისი 2 0 2 0 1-1 2

ალჟირი 2 0 1 1 0-1 1

23 ივნისი

სლოვენია-ინგლისი

აშშ-ალჟირი

მიშა ზაქარეიშვილი

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო