"ის" - სტივენ კინგის ყველზე ეპიკური და შემაძრწუნებელი რომანი ქართულად ითარგმნა

"ის" - სტივენ კინგის ყველზე ეპიკური და შემაძრწუნებელი რომანი ქართულად ითარგმნა

ის – მრავალსახიანია და ერთსახიანია

ის – მოკვდავია და უკვდავია

ის – ხილულია და უხილავია

ის – რეალურია და არარეალურია

და მაინც, ის არსებობს!

„ის“ სტივენ კინგის ეპიკური, მძაფრი სიუჟეტით გამორჩეული და შემაძრწუნებელი ამბავია.

დერი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქალაქია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით – სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია, იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ!

ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს, ის დაუმარცხებელია! მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა – შვიდი ბავშვი, შიშით, განცდითა და გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან: ის ბავშვების ბედისწერაა, ბავშვები – მისი!

ჰოდა, საბედისწერო ბრძოლაც უნდა გაიმართოს... ახლა და 27 წლის შემდეგ...

რომანი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე - გვიანდელ წლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომანის დაბოლოება არაერთმნიშვნელოვანია და ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ცოცხალია თუ არა „ის“. თუმცა სტივენ კინგმა დაიფიცა, რომ აღარასდროს დაწერს პენივაიზის შესახებ, რადგან ეს პერსონაჟი მისთვისაც ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, ”ის” ავტორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რომანია.

სტივენ კინგმა რომანი 1986 წელს დაწერა, რომელიც მისი 22-ე წიგნი და მე-18 რომანია, გამოცემული საკუთარი სახელით. 1987 წელს რომანმა მიიღო ბრიტანული ფენტეზის ჯილდო. იმავე წელს იგი ნომინირებული იყო Locus-ის და მსოფლიო ფენტეზის ჯილდოებზე.

რომანის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული. წიგნის პირველი ეკრანიზაცია 1990 წელს გამოჩნდა მინი-სერიალის სახით. 2017 წელს კი რეჟისორმა ანდრეს მუსკეტმა სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელიც 1990 წელს გადაღებულ ვერსიას დააფუძნა. ფილმის პრემიერა დაემთხვა სატელევიზიო ფილმ-ორიგინალის გამოსვლის 27 წლისთავს. წიგნში ნათქვამია, რომ "ის" დერიში ყოველ 27 წელს ბრუნდება. ორიგინალურ ფილმში ბილის როლი შეასრულა ჯონატან ბრენდისმა, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეკრანიზაციამ კინოგაქირავებაში რეკორდულ მაჩვენებელსაც მიაღწია. The Guardian-ის ცნობით, ფილმმა პირველივე კვირას მხოლოდ აშშ-ში კინოგაქირავებიდან 117 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ”ის” დეკადის ყველაზე საშიშ ფილმად არის შეფასებული. ნიუ-იორკში, სირაკუზში რეგალის კინოთეატრში კი ფილმის ჩვენებაზე 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც კინოთეატრში მყოფები ამბობენ, ქალმა დაკივლება მოასწრო, შემდეგ კი გული წაუვიდა. ამის შემდეგ ქალის მეგობრებმა სასწრაფოს გამოუძახეს, მაგრამ მათი მოსვლისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

სტივენ კინგი საქართველოში მეტად პოპულარული ავტორია და მისი არაერთი რომანია ქართულ ენაზე ნათარგმნი, თუმცა ”ის” ამ დრომდე არ იყო ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. ”პალიტრა L-მა” რომანი ახლახანს თარგმნა და ის 10 აპრილიდან წიგნის მაღაზიის დახლებზე გამოჩნდება. როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, მკითხველი ძალიან ელოდა ამ წიგნს. გამომცემლობაში წლების განმავლობაში არ წყდებოდა ზარები მისი თარგმნის თხოვნით. რომანი ქართულ ენაზე ირაკლი სულაძემ თარგმნა.

”ჩემი აზრით, სტივენ კინგის 60-მდე რომანიდან ”ის” სამეულში ერთ-ერთია. ნაწარმოები მრავლისმომცველია, ბევრ თემას ეხება და თავისი განსაკუთრებული სიმძაფრე აქვს. შინაარსის მიღმა არის რაღაც უხილავი ემოციის მომგვრელი. შინაარსის, დეტალების სიღრმეებში უნდა ჩახვიდე და ბოლომდე იგრძნო ისტორია. ჩემთვის კინგის პირველი რომანი იყო, რომელიც ვთარგმნე და გარკვეული სირთულეებიც ახლდა. ავტორი ხშირად იყენებს ამერიკულ ცხოვრებისეულ დეტალებს. განსაკუთრებულია ფრაზეოლოგია და ტერმინოლოგიაც, რომელიც აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ახასიათებს. საინტერესოა ისიც, რომ მოქმედება ორ დროში ვითარდება და ამ ეპოქებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. თითქმის 1 წელი ვთარგმნიდი რომანს და ამ პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, მის გმირებთან ერთად ვცხოვრობდი,” - განმარტავს ირაკლი სულაძე.

წიგნის ყდის ილუსტრაცია ნათია ზარანდიას ეკუთვნის. აქვე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სტივენ კინგის შესახებ.

გაყიდულია კინგის რომანების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი.

მისი რომანების მიხედვით გადაღებულია 100-ზე მეტი ფილმი.

ის წელიწადში მხოლოდ 3 დღე ისვენებს: შობას, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესა და საკუთარ დაბადების დღეზე, სხვა დროს კი წერს.

ის არ იყენებს მობილურ ტელეფონს.

აღებული აქვს 50-ზე მეტი ჯილდო და პრემია.

ცხოვრობს მეინის შტატში მეუღლესთან, ტაბითა კინგთან ერთად.

რომანის შეძენა 10 აპრილიდან წიგნის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა