პირველი ტურის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში გალიდერებული ჰოლანდიისა და იაპონიის ნაკრებები ერთმანეთს დურბანის სტადიონზე გაეჯიბრებიან.
მომავალი მატჩის წინ "ნარინჯისფერთა" მთავარი საფიქრალი კვლავაც ტრავმირებული არიენ რობენის არყოფნაა. ჰოლანდიელთა მწვრთნელის ბერტ ვან მაარვიკის განცხადებით, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა კიდევ სჭირდება, ამდენად, დიდი შანსია, არიენმა ჯგუფურ ეტაპზე საერთოდ ვერ ითამაშოს.
"რობენის გამოჯანმრთელება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, მაგრამ იგი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. სამედიცინო შტაბთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, თუმცა, ის კი ნაღდია, რომ მომავალი კვირის დასაწყისამდე რობენის იმედი არ უნდა გვქონდეს", - აღნიშნა ვან მაარვიკმა.
ევროპელთა დამრიგებელს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ მიუხედავად საწყის მატჩში სამი ქულის აღებისა, იაპონელებთან გამარჯვებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. "მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ყველაზე ძნელია. დანიელები თავს კარგად იცავდნენ და გავიმართლა, რომ გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიტანეთ. იაპონიის სახით, სულ სხვა სტილის გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა, ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზად არის".
მოსალოდნელია, რომ ჰოლანდიელთა შეტევების წარმართვა კვლავაც მილანის "ინტერის" ნახევარმცველ უესლი სნეიდერს მოუწევს, რომელიც დანიელებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
"არ ვფიქრობ, რომ პირველ ტურში რაიმე განსაკუთრებული ვაჩვენეთ. დანიელებს ჩვენი თამაში კარგად ჰქონდათYშესწავლილი და კარგა ხანს გაგვიძალიანდნენ. იმედია, მომდევნო შეხვედრაში ყველაფერი უფრო კომფორტულად წარიმართება. საკუთარი შესაძლებლობების დამალვას აზრი აღარ აქვს".
ჩინებული განწყობაა აზიელთა ბანაკშიც, რომელთაც კამერუნის ნაკრების დამარცხებით, მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. ეროვნული გუნდის თამაშით საკუთარი აღფრთოვანება იაპონიიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმაც გამოხატა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
"ჩემი დემოკრატიული პარტია სწორედ ისეთ სულისკვეთებას საჭიროებს, როგორც საფეხბურთო ნაკრებმა გვაჩვენა. მაგალითი ტაკეში ოკადასგან უნდა ავიღოთ. მიუხედავად კრიტიკისა, მან მოთამაშეების კარგად მომზადება და გამარჯვება შეძლო. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ხალხის ხმასა ყური ვუგდოთ და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები ვაკეთოთ".
იაპონიის ნაკრების შეტევის ხაზში მთავარი მოქმედი პირი მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელი კეისუკე ჰონდა იქნება, რომელმაც აფრიკელთა კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და მატჩის გამორჩეულ ფეხბურთელადაც სამართლიანად აღიარეს.
"ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდი არცთუ კარგ შედეგებს აჩვენებდა და განწყობაც შესაბამისი გვქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყებამ კი ყველაფერი შეცვალა. ბიჭები ისე არიან მომართულნი, შეტევაში ჩადგომასა და სისწრაფეების დაგდებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჰოლანდია ფავორიტია, მაგრამ არა ისეთი, რომ წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლებოდეს".
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული ავტომატურად მერვედფინალის საგზურის მფლობელიც გახდება, თუკი ჯგუფის მეორე მატჩი კამერუნსა და დანიას შორის ყაიმით დასრულდება.
19 ივნისი. 15:30. Moses Mabhida Stadium. დურბანი
ჰოლანდია – იაპონია
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოლანდია: მაარტენ სტეკელენბურგი ("აიაქსი"), გრეგორი ვან დერ ვილი ("აიაქსი"), ჯონი ჰეიტინგა ("ევერტონი", ინგლისი), იორის მატიისენი ("ჰამბურგი", გერმანია), ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი ("ფეინოორდი"), დირკ კუიტი ("ლივერპული", ინგლისი), უესლი სნეიდერი ("ინტერი", იტალია), მარკ ვან ბომელი ("ბაიერნი", გერმანია), ნაიჯელ დე იონგი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), რაფაელ ვან დერ ვაარტი ("რეალი", ესპანეთი), რობინ ვან პერსი ("არსენალი", ინგლისი).
მწვრთნელი: ბერტ ვან მაარვიკი.
იაპონია: ეიჯი კავაშიმა ("კავასაკი"), იუიჩი კომანო ("ჯუბილო ივატა"), იუჯი ნაკაზავა ("იოკოჰამა"), მარკუს ტულიო ტანაკა ("ნაგოია"), იუტო ნაგამოტო ("ტოკიო"), იუკი აბე ("ურავა"), მაკოტო ჰასებე ("ვოლფსბურგი", გერმანია), იასუშიტო ენდო ("გამბა ოსაკა"), დაისუკე მაცუი ("გრენობლი", საფრანგეთი), კეისუკე ჰონდა (ცსკა, რუსეთი), იოშიტო ოკუბო ("ვისელ კობე").
მწვრთნელი: ტაკეში ოკადა.
მსაჯი: ექტორ ბალდასი (არგენტინა).
ბოლო შანსის თამაში – ასე შეიძლება ვუწოდოთ კამერუნის და დანიის ნაკრებების დაპირისპირებას, რომელსაც სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიას მოსეს მაბჰიდას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. საწყის ტურში აფრიკელებმა იაპონიასთან წააგეს, დანია კი ევროპულ დერბიში ჰოლანდიასთან დამარცხდა, ამდენად, უკან დასახევი გზა ორივე გუნდს მოჭრილი აქვს.
ის, რომ კამერუნის ნაკრები მუნდიალს არცთუ კარგ ფორმაში ხვდებოდა, ჯერ კიდევ საქართველოსთან უგოლოდ დასრულებულ მატჩში გამოჩნდა, იაპონიასთან შეხვედრამ კი ეს შეხედულება კიდევ უფრო განამტკიცა. მიუხედავად ამისა, აფრიკელთა ფრანგმა დამრიგებელმა პოლ ლე გუენმა მარცხი უიღბლობას უფრო დააბრალა, ვიდრე – საკუთარი გუნდის სისუსტეს.
"ცხადია, მუნდიალის მარცხით დაწყებამ ძალიან გამანაწყენა, თუმცა, ისე არ გვითამაშია, როგორც ვგეგმავდით. ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ჩვენი დონის გუნდისთვის დამახასიათებელი არ არის. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ სამართლიანობამ არ იზეიმა. როგორც მინიმუმ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით.
იაპონიასთან მატჩის წინ, ჯგუფიდან გასვლის შანსებზე საკმოდ თამამად ვსაუბრობდით, ახლა კი, ამისთვის დანიის დამარცხებაა საჭირო. შევეცდებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერი ვაჩვენოთ. მომავალ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ნაკლები ფასი არც პირველ მატჩს ჰქონდა. თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიას, ჩვენს ჯგუფში ყველა ნაკრები დაახლოებით თანაბარი ძალისაა".
მწვრთნელს დაეთანხმა კამერუნელთა მთავარი ვარსკვლავი სამუელ ეტო’ოც, რომელიც პირველ შეხვედრაში უჩველოდ პასიური გახლდათ და მილანის "ინტერის" მრისხანე ფორვარდს ნამდვილად არ ჰგავდა.
"იაპონიასთან ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. უბრალოდ, მათ ერთადერთი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი კარის აღება ვერაფრით მოვახერხეთ. სწორ გზას ვადგავართ და ახლა, უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. შეცდომების ლიმიტი ამოიწურა. დანიელებთან ყველა შედეგი გარდა გამარჯვებისა, არადამაკმაყოფილებელი იქნება".
მოსალოდნელია, რომ კაპიტნის სამკლაურით მოასპარეზე ეტოო’ს გვერდით, შეტევის ხაზში კვლავაც ესპანური "მალიორკას" ფორვარდი პიერ ვებო და გერმანული "ნიურნბერგის" თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგი გაირჯებიან.
ჯერაც პირველ ტურში გატანილ ავტოგოლს მისტირიან დანიელები, რომელთაც ჰოლანდიასთან საწყისი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ თამაშის მეორე ნახევრის განახლებისთანავე, საკუთარი კარი სიმონ პოულსენმა დალაშქრა, თუმცა, ვიდეოგამერობის ნახვის შემდეგ ფიფამ ავტოგოლის ავტორად დანიელ აგერი დაასახელა.
ცხადია, ამის გამო, დანიელთა თავკაცი მორტენ ოლსენი მცველების დასჯას არ აპირებს და პოულსენი და აგერი ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. საერთოდაც, მოსალოდნელია, რომ ევროპელთა სასტარტო თერთმეტეულში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ.
"ჰოლანდიასთან მატჩში ერთ გოლს ნამდვილად ვიმსახურებდით, ავტოგოლმა კი ყველაფერი არია. არადა, დაცვითი ხაზი ჩინებულად მოქმედებდა. ნიკოლას ბენდტნერს პირველ შეხვედრაშიც არ უნდა ეთამაშა, თუმცა, იონ დალ ტომასონმა თავი შეუძლოდ იგრძნო და იძულებითი კორექტივის შეტანა მოგვიხდა. თუკი, ტომასონი ფორმაში არ იქნა, მინდორზე ისევ ბენდტნერს" ვიხილავთ", - აღნიშნა ოლსენმა.
19 ივნისი. 22:30. Moses Mabhida Stadium. პრეტორია
კამერუნი – დანია
სავარაუდო შემადგენლობები
კამერუნი: სულეიმანუ ჰამიდუ ("ქაისერსფორი", თურქეთი), სტეფან მ’ბია ("მარსელი", საფრანგეთი), ნიკოლას ნ’კულუ ("მონაკო", საფრანგეთი), სებასტიენ ბასონგი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ბენუა ასუ-ეკოტო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ჟან მაკუნი ("ლიონი", საფრანგეთი), ჟოელ მატიპი ("შალკე", გერმანია), ეიონგ ენოჰი ("აიაქსი", ჰოლანდია), სამუელ ეტო’ო ("ინტერი", იტალია), პიერ ვებო ("მალიორკა", ჰოლანდია), ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი ("ნიურნბერგი", გერმანია).
მწვრთნელი: პოლ ლე გუენი.
დანია: ტომას სორენსენი ("სტოკი", ინგლისი), ლარს იაკობსენი ("ბლექბერნი", ინგლისი), სიმონ კიაერი ("პალერმო", იტალია), დანიელ აგერი ("ლივერპული", ინგლისი), სიმონ პოულსენი ("ალკმაარი", ჰოლანდია), ტომას კალენბერგი ("ვოლფსბურგი", გერმანია), კრისტიან პოულსენი ("იუვენტუსი", იტალია), მარტინ იორგენსენი ("ორჰუსი"), დენის რომედალი ("აიაქსი", ჰოლანდია), ნიკლას ბენდტნერი ("არსენალი", ინგლისი), ტომას ენევოლდსენი ("გრონინგენი", ჰოლანდია).
მწვრთნელი: მორტენ ოლსენი.
მსაჯი:
E ჯგუფი
1 ჰოლანდია 1 1 0 0 2-0 3
2 იაპონია 1 1 0 0 1-0 3
3 კამერუნი 1 0 0 1 0-1 0
4 დანია 1 0 0 1 0-2 0
ერთადერთი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მშობლიურ კონტინენტზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯება იზეიმა, განაა. სერბი მილოვან რაიევაცის შეგირდებმა ფავორიტად მიჩნეულ სერბეთის გუნდს 1:0 სძლიეს და თუკი დღეს, ავსტრალიელთა არცთუ ძლიერ ნაკრებსაც გაუმკლავდებიან, მერვედფინალის საგზურს ვადაზე ადრე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპელთა კარში ერთადერთი გოლი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ასამოა გიანმა პენალტით გაიტანა, მის ასპარეზობას კი არაერთი სასიამოვნო კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც გიანისთვის ყურადღების მიქცევა გვირჩია, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარსელ დესაი გახლდათ.
"ასამოამ სერბებთან ჩინებულად ითამაშა. ვფიქრობ, მას დიდი შანსი აქვს მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცეს, ისეთად, როგორიც მაიკლ ესიენია. განელებს ბევრი ჩინებული მოთამაშე ჰყავთ და ამ უკანასკნელის არყოფნა საერთოდ არ ეტყობათ. ეს ნაკრები განის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ უნდა იქცეს".
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ დესაის განელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა სერიოზულად განიხილებოდა, თუმცა, მარსელმა შეთავაზება იუარა. "ჯერჯერობით, მწვრთნელობისთვის მზად არ ვარ. სრულიად მაკმაყოფილებს, რასაც ახლა ვაკეთებ. ტელევიზიაში ვმუშაობ და შედარებით თავისუფალ ადამიანადაც ვრჩები", - აღნიშნა დესაიმ.
საინტერესოა, რომ რუსტენბურგში, სადაც მომავალი მატჩი უნდა გაიმართოს, არცთი ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებია. მაგალითად, განელებს გუშინდელი ვარჯიშის გადატანა იმის გამო მოუხდათ, რომ დილით სავარჯიშო მინდორი მოყინული გახლდათ. ცხადია, აფრიკელები მოგვიანებით სავარჯიშოდ მაინც გავიდნენ და თამაშისთვისაც სრულფასოვნად მოემზადნენ.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან კომენტარი იტალიური "ბოლონიას" წევრმა სტეფან აპიამ გააკეთა, რომელსაც განის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური აცვია.
"ავსტრალიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ამდენად, გერმანელებს მიერ მათ განადგურებას გადამეტებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ასეთ დონეზე ასპარეზობისას ზედმეტი თავდაჯერებულობა ყოველთვის დამღუპველია. ისინი მტკივნეული მარცხის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას შეეცდებიან. კარგად გვაქვს გათავისებული, რომ წინ ურთულესი დაპირისპირება გველის".
თუკი განელთა შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, საკმაოდ გადასხვაფერებული უნდა იყოს ავსტრალიელთა სასტარტო თერთმეტეული. ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. გუნდის კაპიტანმა ტიმ კეჰილმა გერმანელებთან ავადსახსენებელ მატჩში წითელი ბარათს გამორჩა და მეორე ტურს დისკვალიფიკაციი გამო ტოვებს, ვინჩენცო გრელამ კი მუხლის ტრავმა მიიღო და იძულებითYდასვენება მოუწევს.
ავსტრალიელთა ჰოლანდიელი მწვრთნელის პიმ ვერბეეკის გადაწყვეტილებით, სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუწევთ ჯეისონ კულინასა და რიჩარდ გარსიასაც, რომელთაც სასტარტო მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
ხსენებული ოთხეულის შემცვლელებად ბრეტ ჰოლმანი, ნიკიტა რუკავიცია, მილე იედინაკი და დარიო ვიდოშიჩი მოიაზრებიან. პირველმა სამეულმა შეცვლაზე გერმანიასთანაც ითამაშა, გერმანული "ნიურნბერგის" ნახევარმცველი კი მინდორზე პირველად გამოჩნდება.
სავარაუდოდ, ისევ მარქაფაში დარჩება სტამბულის "გალათასარაის" ნახევარმცველი ჰარი კიუელი, რომელმაც ტრავმა სრულად მოიშუშა და საკუთარი განცხადებით მწვრთნელს თავიც შეახსენა. "თამაში მინდა და ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სარგებელის მოტანა შემიძლია. ცხადია, ამ მხრივ საბოლოო გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის".
19 ივნისი. 18:00. Royal Bafokeng Stadium. რუსტენბურგი
განა – ავსტრალია
სავარაუდო შემადგენლობები
განა: რიჩარდ კინგსონი ("უიგანი", ინგლისი), ჯონ პეინტსილი ("ფულჰემი", ინგლისი), ისააკ ვორსა ("ჰოფენჰაიმი", გერმანია), ჯონ მენსა ("სანდერლენდი", ინგლისი), ჰანს სარპეი ("ლევერკუზენი", გერმანია), ენტონი ანანი ("რუსენბორგი", ნორვეგია), კევინ-პრინს ბოატენგი ("პორტსმუთი", ინგლისი), პრინს ტაგოე ("ჰოფენჰაიმი", გერმანია), კვადვო ასამოა ("უდინეზე", იტალია), სულეი მუნტარი ("ინტერი", იტალია), ასამოა გიანი ("რენი", საფრანგეთი).
მწვრთნელი: მილოვან რაიევაცი.
ავსტრალია: მარკ შვარცერი ("ფულჰემი", ინგლისი), ლუკ უილკშირი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), კრეიგ მური (უკლუბოდ), ლუკას ნეილი ("გალათასარაი", თურქეთი), სკოტ ჩიპერფილდი ("ბაზელი", შვეიცარია), კარლ ვალერი ("სასუოლო", იტალია), მილე იედინაკი ("ანთალიასფორი", თურქეთი), ბრეტ ემერტონი ("ბლექბერნი", ინგლისი), დარიო ვიდოშიჩი ("დუისბურგი", გერმანია), ბრეტ ჰოლმანი ("ალკმაარი", ჰოლანდია), ნიკიტა რუკავიცია ("რუზელარე", ბელგია).
მწვრთნელი: პიმ ვერბეეკი.
მსაჯი: რობერტო როზეტი (იტალია).
D ჯგუფი
1 გერმანია 2 1 0 1 4-1 3
2 განა 1 1 0 0 1-0 3
3 სერბეთი 2 1 0 1 1-1 3
4 ავსტრალია 1 0 0 1 0-4 0