ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს

ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს

მე მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, რომელიც აღიარებით ჩვენებას მისცემს, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული არ ყოფილა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა, არამედ მას სურდა სიმართლე საზოგადოებისა და გამოძიებისთვის მოეყოლა.

"ვერ გეტყვით, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ველოდი. ჩემთვის არც იყო პრიორიტეტი, რომ მაინც და მაინც აღმკვეთი ღონისძება შეცვლილიყო და გირაოთი გამოვსულიყავი. ჩემთვის მთავარი იყო რომ საზოგადოებისთვის გამეცნო, ასევე სასამართლოსა და გამოძიებისთვის მომეხსენებინა სიმართლე. დიდი ბარიერების გადალახვა მომიწია, მაგრამ დავბრუნდი საქართველოში და მივეცი ჩვენება სასამართლოს.

ზურაბ მიქაძე რას ამბობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ამას საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს. მე პირველ სასამართლოზე ისიც განვაცხადე, რომ თუ ჩაითვლება, რომ მე რამე სიცრუე მაქვს ჩადენილი ან არასწორ ჩვენებას ვიძლევი, მზად ვარ კიდევ ერთი მუხლით ვაგო პასუხი", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გურამ დონაძეს აქვს კადრები, რომელიც ასახავს რეალობას, რაც მოხდა შემთხვევის ადგილზე.

"დღეს გურამ დონაძემ უკვე დაიწყო სასამართლოზე რაღაც კადრების წარმოდგენა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ საბოლოოდ გურამ დონაძე იძულებული გახდება წარმოადგინოს ყველა კადრი. მე ხაზს ვუსვამ, რომ იმ კადრში შეიძლება ჩემი მითითებაც კი რომელიმე პოლიციელის მიმართ იყოს და ეს არაკანონიერი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მახსოვდეს. მე მზად ვარ, თუ ის არ იქნება დონაძის მიერ გაყალბებული, ვაღიარებ იმასაც.

როდესაც მე პირველი განცხადებები გავაკეთე "პალიტრანიუსის" ეთერით, ვთქვი, რომ თუ რეალური კადრები ვინმეს აინტერესებს, გურამ დონაძეს აქვს პირველივე წუთიდან, რეალური და არარეალური კადრებიც. ალბათ გურამ დონაძე უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ეს კადრები გამოაჩნოს. მე მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, რომელიც აღიარებით ჩვენებას მისცემს. მე ასეთი შეგრძნება და ეჭვი მაქვს", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ 16 თებერვალს, "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ