სამნი ძმანი ჰონდურასელები

სამნი ძმანი ჰონდურასელები

ჰონდურასის ნაკრების თავკაცმა ალექსის მენდოსამ "რემბოდ" წოდებული ხულიო სეზარ დე ლეონის ნაცვლად 23-კაციან შემადგენლობაში ჯერი პალასიოსი ჩართო და ამით მცირე ისტორია შექმნა. ჰონდურასის ნაკრებში ჯერის ორი ძმა - უილსონი და ჯონი თამაშობენ, მუნდიალის 80-წლიან ისტორიას კი ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. ორ ძმას არაერთ ჩემპიონატზე უთამაშიათ მხარდამხარ, აგერ, კოტ დივუარის ნაკრებში კოლო და იაია ტურეები ერთად აგორებენ ბურთს, თუნდაც ნორვეგიელი ძმები ფლოები გავიხსენოთ 1998 წლის ჩემპიონატიდან. მაგრამ სამი ძმა ერთ მუნდიალზე?! ეს უნიკალური შედეგია. სეირი მაშინ ნახეთ, მენდოსამ სამივე ერთად რომ შეუშვას მინდორზე. თანაც სამივე ნახევარმცველია...

მაგრამ პალასიოსების ამბავი ამით როდი იწურება. საბედისწერო შემთხვევა რომ არა, იქნებ ერთდროულად ოთხი ჰონდურასელი ძმაც გვეხილა სამხრეთ აფრიკის მინდვრებზე - მათ დაღუპული ჰყავთ მეოთხე, ყველაზე პატარა ძმა ედვინი, რომელიც ქვეყნის 23-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ 2007 წელს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და ნახევარი მილიონი დოლარი გამოსასყიდის მიღების მიუხედავად, მოკლეს. ფეხბურთელი იყო პალასიოსების მამაც, ეულოგიო.

"არ ვიცი, მათამაშებს თუა არა მწვრთნელი, მაგრამ მე ამის მიუხედავადაც ბედნიერი ვარ - ამბობს ჯერი პალასიო - საერთოდ არ მოველოდი ამას. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი წყალობის ღირსი გამხადა. მეორეს მხრივ, ძალიან ვწუხ "რემბოს" გამო. ცუდია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ტრავმამ ასე ნაადრევად დაასრულებინა ჩემპიონატი. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო