თითქმის ყველა სხვა ფავორიტთა მსგავსად იტალიისთვისაც უიღბლოდ დაიწყო მუნდიალი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებითვის პარაგვაისთან ფრე ერთი ელდა იყო, მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის დამტვრევა კი მეორე. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კიპერს ხერხემლის მალა დაუზიანდა და ექიმები ვერაფრით აიმედებენ ვერც მას და ვერც 60 მილიონ იტალიელს. მაგრამ თავად ბუფონი იმედს არ კარგავს და ამბობს - ფინალისთვის აუცილებლად მწყობრში ვიქნებიო!
"სულ რომ ტკივილისგან მუხლები მეკეცებოდეს, მოედანზე მაინც გავალ და ვითამაშებ. იტალიისთვის არასდროს მითქვამს - "არა". მარჩელოს ძალით მოუწევს ჩემი სკამზე დასმა, ანდა საერთოდ სახლში გაგდება" - აი ასეთ საომარ განწყობაზეა ჯიჯი, რომელმაც 2006 წელს იტალიის გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო.
ბუფონისგან ასეთი განცხადების მიუხედავად, მარჩელო ლიპის დარჩენილ მატჩებში ალბათ მაინც სხვის იმედად მოუწევს ყოფნა.
ახალ ზელანდიასთან კვირას გასამართ შეხვედრაში ის კარის დაცვას ანდობს 27 წლის ფედერიკო მარკეტის, რომელსაც მხოლოდ 6-მატჩიანი სანაკრებო გამოცდილებით მოუწევს “მაორთა” იერიშების მოგერიება. იტალიელებს ეს ამბავი, თავადაც პირდაპირ ამბობენ და, ძალიან აშინებთ. იციან ამ უსახელო, მაგრამ ფიზიკურად ღონიერი და მებრძოლი გუნდის ძალა, 2009 წელს კონფედერაციის თასის დაწყებამდე ამხანაგურად ეთამაშნენ და 4:3 ძლივს მოუგეს. თანაც სამხრეთ აფრიკაში უკვე იმდენი მოულოდნელობა მოხდა, რომ "აძური" თავს ვერ აძლევს უეჭველი სამი ქულის დაგეგმვის უფლებას.
ლიპი ალბათ რამდენადმე შეცვლის პირველ ტურში პარაგვაის ვერმძლეველ შემადგენლობას და სასტარტოში, ვიჩენცო იაკინტასა და კლაუდიო მარკიზიოს მაგივრად, მაურო კამორანეზისა და ანტონიო დი ნატალეს ჩასმას აპირებს.