აბა გამოიცანით, ყველაზე მეტად ვის ქომაგობენ ირლანდიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე? კარგად მოგეხსებათ, თავად ვერ მოხვდნენ მუნდიალზე და ისიც გეხსომებათ, თუ რატომ: შესარჩევი ციკლის ფლეი ოფში ფრანგი ტიერი ანრის "ხელბურთის" გამო. ჰოდა, ახლა ისინი მხურვალედ გულშემატკივრობენ ყველას, ვინც საფრანგეთს ხასიათს გაუფუჭებს.
ერთმა ირლანდიურმა რესტორანმა ასეთი სარეკლამო ტრიუკიც კი მოიგონა: საფრანგეთის კარში გასულ ყველა გოლზე 350 უფასო პიცას არიგებს და ეს ტრიუკი მშვენივრადაც ამართლებს. პიცის გაცემა ინტერნეტის მეშვეობით ხდება - ზიხარ კომპიუტერთან და უყურებ, როგორ აწიოკებენ მექსიკელები ფრანგებს, გააქვს ხავიერ ერნანდესს გოლი და მაშინვე თუ არ მოასწარი შესაბამის ღილაკზე რეაგირება, უფასო პიცას სხვას მიუტანენ.
რესტორნის ვებ-მასტერის ცნობით, ერნანდესმა პირველი გოლი რომ გაიტანა, 350 პიცა ნახევარ წუთში გასაღდა, ბლანკოს პენალტის შემდეგ კი, კიდევ ერთი ამდენი სულ რამდენიმე წამში დაიტაცეს ფრანგთა აუგის მოხარულმა და პიცის მოყვარულმა ირლანდიელებმა. ახლა წარმოიდგინეთ, რა დიდი ყურადღებით ჩასაფრდებიან საფრანგეთის და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაში. იქნებ ამ წყალწაღებულმა აფრიკელებმა კიდევ ერთი 350 მუქთა პიცა მაინც “აშოვნინონ” ირლანდიელებს.