დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში

დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. სწორედ მაშინ გაჩნდა გამონათქვამი - კედლებსაც კი ყურები აქვს... ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა. 1937-1938 წლებში, "დიდი ტერორის" პერიოდში რეპრესირებულ იქნა 29 051 ადამიანი, ამათგან სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა 14 372 ადამიანს, ხოლო გადასახლება შრომა გასწორების ბანაკში მიესაკა 14 679 პირს...

დიდი ტერორის ოპერაციები რამდენიმე ტიპის იყო: კულაკური ოპერაცია; "სტალინური სიები"; ნაციონალური ოპერაციები და მილიციის სამეული.

კულაკური ოპერაცია - ეს იყო პროცესი შეძლებული გლეხობის და სხვა „ანტისაბჭოთა“ ელემენტების წინააღმდეგ. „კულაკური ოპერაციის“ ფარგლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მასშტაბით მსჯავრი დაედო დაახლოებით 800 ათას ადამიანს. მათგან თითქმის ნახევარს, დახვრეტა მიესაჯა

ოპერაცია ელიტის წინააღმდეგ, ანუ ე.წ სტალინური სიები - ეს სახელწოდება იქედან მომდინარეობს, რომ დაქვემდებარებულ პირთა სიებს პირადად ამტკიცებდა სტალინი. სსრკ-ს მასშტაბით სულ რეპრესირებულ იქნა 36 190 ადამიანი - ცნობილი სამხედროები, ინჟინრები, მეცნიერები, მწერლები, კულტურისა და ხელონების ცნობილი მოღვაწეები...

წყარო: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI”

ნაციონალური ოპერაციები - ეს იყო უცხოელთა და საბჭოთა კავშირში მცხოვრებ უმცირესობათა (მათ შორის გერმანელები, პოლონელები, ბერძნები, იეზიდები და სხვ) მიმართ წარმოებული მასობრივი სადამსჯელო ოპერაცია. ნაციონალური ოპერაციების დროს, მსჯავრი დაედო დაახლოებით 365 000 ადამიანს, მათ 80 %-ს დახვრეტა მიესაჯა.

მილიციის სამეული - ეს იყო ოპერაციის სახე, როცა იხილავდნენ საქმეებს დეკლასირებული ელემენტებისა და საპასპორტო წესების დარღვევების შესახებ. მილიციის სამეულები მაქსიმუმ 5 წლის ვადით გადასახლებას უსჯიდნენ პატიმრებს. მილიციის სამეულებმა სსრკ-ს მასშტაბით არანაკლებ 450 000 ადამიანი გაასამართლეს.

1937-38 წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების პერიოდში, უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით საქართველოდან 3 100 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.

აღსანიშნავია რომ, დახვრეტილი და გადასახლებული ქალების რაოდენობით საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს ბევრად უსწრებდა - "დიდ ტერორს" 563 ქალი ემსხვერპლა. გადასახლებულთაგან მხოლოდ მცირედმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთში საშინელ ტანჯვაში დალია.

წყარო: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI”

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა