გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი

გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი

ოპოზიციის ეჭვები მიყვარს, მათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა პარკირების საფასურის გაზრდა, რასაც ოპოზიცია ვარაუდობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განმარტებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და სატრანსპორტო კომპანია ყველანაირად მზად არის შეუდგეს 10 აპრილიდან თავის მოვალეობის შესრულებას.

”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, პარკინგების დეტალური კვლევა ამ დრომდე ჩატარებული არ იყო. მისი თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი ადგილები შეირჩევა მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობადა.

„პარკინგების დეტალური კვლევა არ ჩატარებულა. ზოგადად იყო შერჩეული 10 ლოკაცია, სადაც შეიძლებოდა მიწისქვეშა პარკინგების გაკეთება, თუმცა, ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, გეოლოგია, ტექნიკლურ-ეკონომიკური დახასიათება და ა.შ. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ გამოცხადებას რამდენიმე მიმართულებით და ეს ცნობილი იქნება თქვენთვის თუ რომელი ადგილები იქნება კონკრეტულად“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია.

კომპანიის ინფორმაციით, შერჩეული იყო: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი იყო, ხოლო ერთი, მიწისზედა პარკინგი, რომელიც თბილისის მერიასთან უნდა მოწყობილიყო.

მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერიას კომპანიები კონკურსის წესით უნდა შეერჩია.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მეტროსადგურებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია. როგორც კალაძე აცხადებს, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი მათი შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაგრძელდება. „ველოდებით დასკვნებს ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. როგორც კი გვექნება დოკუმენტაცია დასკვნებთან დაკავშირებით, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც მეტრო „ვარკეთილის“, ასევე, სხვა მეტროსადგურების, სადაც პრობლემაა. თვითონ მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 30 იანვარს, ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად მეტროსადგურ ვარკეთილში 11 ადამიანი დაშავდა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეაჩერა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები