როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში

როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ასახელებს. ამასთან დაკავშირებით საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, ეს ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

”საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვით საქმიანობას წარმართავდა კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების სფეროების გამოვლენას, კონტრზომების გატარებას, არსებული საფრთხეების შესახებ შესაბამისი უწყებებისა და პირების წინმსწრებ ინფორმირებას, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა), მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია, შექმნან/გააფართოონ ჯაშუშური ქსელი. მათი მიზანია, გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე. გამოწვევების საპასუხოდ გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, კავშირზე მყოფი პირებისა და მათი კონტაქტების, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენასა და აღკვეთას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.

”ჰიბრიდული ომის“ პირობებში სასურველი მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში. მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.

გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.

”საანგარიშო პერიოდში კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომელთა ქმედებებშიც გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

”უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. სადაზვერვო სამსახურები მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ცდილობენ, შეიქმნან ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში, კომერციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, საფრთხეებისა და ინფორმაციის გაჟონვის პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული მიმართულებით 182 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა ფორმა №4), ხოლო 10 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. 184 ორგანიზაციაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 7 ათასამდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 900-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 500-ზე მეტ პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე ობიექტების დაცვასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე ცალკეულ სუბიექტებზე ჩატარდა სრულყოფილი შესწავლა–შემოწმება. საფრთხეების გათვალისწინებით, ხორციელდება საქართველოში მოქმედი იმ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცალკეული ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი, რომელთა საქმიანობის სფეროს საიდუმლო პროექტებზე მუშაობა, სამრეწველო და სამხედრო დანიშნულების ნივთიერებების წარმოება, შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, გამოყენება, გადაზიდვა და იმპორტ-ექსპორტი წარმოადგენს”, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი.

”გამოიკვეთა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. ისინი, თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ინვესტიციების განხორციელების საბაბით ითხოვენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობისა და შრომითი ცხოვრების უფლებებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე - მუდმივი ცხოვრების ნებართვას. მიგრაციული პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამოვლინდა სტუდენტის სტატუსით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომელთა ნაწილი ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოს 36 მოქალაქე, მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიები და აუდიტორული ფირმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში ცხოვრების ნებართვების გაცემის მიზნით ამზადებენ სარეკომენდაციო წერილებს, ორგანიზებას უწევენ შესაძლო ფიქტიურ ქორწინებებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, გასცემენ ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშემწყობი პირების კავშირების დადგენისა და მათ საქმიანობაში შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის მიზნით. აქტიურად მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომლებსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 3500-ზე მეტი პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი. უსაფრთხოების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა ქ.თბილისის, ქ.ქუთაისისა და ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად”, - ნათქვამია ანგარიშში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები