"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"

"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"

აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება, - ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელსაც 6 მეშახტე ემსხვერპლა. გელენიძის თქმით, მისი კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს. გელენიძის განმარტებით, პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა, არამედ ადგილი აქვს სამთო დარტყმას.

"ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შრომის ინსპექცია და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ჩვენს შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზე იყო და მდგომარეობას გაეცნო. პირველადი მდგომარეობით, ძალიან რთული იქნება საბოლოო, რამე დასკვნის თქმა, მით უმეტეს კომპანიისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ღონისძიებებს, მაგრამ დღეს არსებული ინფორმაციით, ადგილზე დათვალიერების შედგებით რაც ჩვენ დავასკვენით, ადგილი აქვს სამთო დარტყმას. ეს, რა თქმა უნდა, არის ადგილზე დათვალიერების შედეგი. ამავდროულად გვაქვს დაზარალებულების მიერ უკვე გაკეთებული განცხადებები, რომლებიც დიდი ალბათობით მიგვანიშნებს, რომ სამთო დარტმას ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში უსაფრხოების ნორმების დარღვევას სრულად გამოვრიცხავ.

მერწმუნეთ, რომ იქ სათანადოდ ბიგები რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული და რომ არ ყოფილიყო სათანადო გამაგრება, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე, ვინაიდან მოხდებოდა დაწოლა და დღეს არათუ ცოცხლები, მიცვალებულების გამოტანაც საკმაოდ გართულებული პროცესი იქნებოდა. ჩვენ სრულად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ საგამოძიებო ორგანოებთან. ჩვენი მხრიდან შეფერხება საგამოძიებო პროცესებზე არ ხდება. ვთანამშრომლობთ სრულად და გამჭვირვალედ. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლებრივი დასკვნა დაიდება. აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება. ადგილზეა შსს, მანამდე იყო შრომის უსაფრთხოება, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, ანუ ყველა ის კომპეტენტური პირი, ვისაც ამ საკითხის გარკვევა ევალება", - განაცხადა გელენიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული შეფერხებები იქნება იმის გამო, რომ შემდგომ არასამუშაო დღეები მოდის.

"ფაქტობრივად, ის ადგილი ჩვენთვის დაკონსერვდება და ჩვენ იქ ხელმისაწვდომობა არ გვექნება. ამაზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისთვის სრული თავისუფლება მივეცით ყველას, მათ შორის, პროფკავშირებს. ჩვენ როგორც დამსაქმებელს, ძალიან მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, ვინაიდან გვყავს ის ოჯახები და დაზარალებულები საპატრონო, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან და პირველ რიგში მათ უნდა შევუმსუბუქოთ ყველანაირად ტკივილი", - განაცხადა გელენიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მეშახტე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ