სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სენსაცია გამოაცხო - ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გერმანია (1:0) დაამარცხა, რითაც ფლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
თუ ტურნირის სტარტზე განასთან (0:1) შეხვედრაში სერბები კუზმანოვიჩმა დააღალატა, როცა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში დაიჭირა, ამჯერად იგივე გააკეთა ნემანია ვიდიჩმა, მაგრამ აფრიკელებისგან განსხვავებით, გერმანელებმა პენალტი ვერ გაიტანეს.
ვერავინ იტყვის როგორ განწყობაზე იქნებოდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი სერბებს რომ არ მოეგოთ, მაგრამ გამარჯვებული ვიდიჩი მატჩის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყო.
- მაინც რა მოხდა, როდესაც თქვენს კარში პენალტი დანიშნეს?
- არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ, ცოტა ვითარების გამწვავება გადავწყვიტე (იღიმის).
- მეკარე სტოიკოვიჩმა სახალხო რისხვისგან გიხსნათ.
- მას საწუწუნო არაფერი აქვს, რადგან მატჩის გმირად გახდომის საშუალება მივეცი.
- და მაინც რატომ გაიწიეთ ბურთისკენ ხელით?
- ეს, ერთ-ერთი იმ ეპიზოდთაგანია, როდესაც საკუთარი საქციელის ახსნა შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა მომივიდა. მომეჩვენა, რომ ჩემს ზურგსუკან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი იყო. ჰოდა, ამიტომ საკუთარი კარის გადარჩენა გადავწყვიტე. როდესაც მოვიხედე და დავინახე, რომ მეტოქის მოთამაშე არ იდგა, მივხვდი თუ რა ჩავიდინე.
- იმ მომენტში რა იგრძენით?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი მეკარე პენალტს აიღებდა (იცინის).
- სერბეთისთვის ეს გამარჯვება რას ნიშნავს?
- დაინახეთ იოვანოვიჩის გოლი როგორ აღვნიშნეთ? დამერწმუნეთ, განასთან მარცხის შემდეგ, სრულებით “განადგურებულნი” ვიყავით. პირველ მატჩში ისე შევშინდით, რომ ფეხბურთის თამაში დაგვავიწყდა. გუნდი საერთოდ არ უტევდა და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, გოლი არ გაეშვა. სწორედ, ამიტომაც გაუშვით. თუმცა, ახლა დავამტკიცეთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან გამარჯვება შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს ხელთაა.
- მილან იოვანოვიჩზე რას იტყვით? მგონი “ლივერპულში” ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
- თუ მილანს გოლის გატანის შანსი აქვს, მას ხელიდან არ უშვებს. შემტევი ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე მთავარია. თუ “ფიზიკაშიც” მოუმატებს, ეჭვი არ მეპარება, ინგლისში დიდ ხანს ემახსოვრებათ.
- თქვენს ჯგუფში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. სავსებით რეალურია, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდეს, რომელსაც გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება. ამის გათვალისწინებით, ავსტრალიასთან მატჩში, ალბათ, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას შეეცდებით.
- ვფიქრობ, უბრალოდ მოგებაზე ვითამაშებთ, ხოლო გოლებს შემდეგ დავთვლით.
- ჯგუფიდან თუ ვერ გახვედით, სერბეთში როგორ დაგხვდებიან?
- ჩემი აზრით, თავზე ხელს არავინ გადაგვისვამს. სჯობს, ამის შესახებ საერთოდ არ ვიფიქროთ. თუმცა, ხალხს დღესასწაული უკვე ვაჩუქეთ. შესაძლოა, ამ გამარჯვების შემდეგ, მათ უველაფერი გვაპატიონ.