ბრიტანელები კრივის უახლეს ისტორიას წერენ

ბრიტანელები კრივის უახლეს ისტორიას წერენ

2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მძიმეწონოსანი მოკრივე, ბრიტანელი ოდლი ჰარისონი თანამემამულესთან – დევიდ ჰეისთან ბრძოლის შეთავაზებას დათანხმდა. ჰეი მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) ვერსიით მსოფლიოს უძლიერესი მოკრივეა და ჰარისონის ძლევის შემთხვევაში ტიტულს შეინარჩუნებს, ხოლო თუ დამარცხდა, საჩემპიონო ქამარს მოწინააღმდეგე შემოირტყამს.

საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში პრომოუთერები ერთობლივად მოაწერენ ხელს. სპორტული გამოცემები კი უკვე გადაჭრით ამბობენ, რომ დასაზუსტებელი პატარა დეტალებიღაა და ბრძოლის ჩატარების სავარაუდო თარიღად 13 ნოემბერს ასახელებენ.

The Daily Mail-ის ცნობით, ოდლი ჰარისონმა გერმანელი პრომოუთერებისგან ისეთი სარფიანი შეთავაზება მიიღო, რომ იმთავითვე ნათელი იყო, ცდუნებას ვერ გაუძლებდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრისთვის მილიონ გირვანქას დაჰპირდნენ.

ჯერჯერობით დევიდ ჰეის კომენტარი არც ერთ გამოცემასთან არ გაუკეთებია. მისი მენეჯერი კი პრომოუთერების წამოწყებულ და თითქმის დასრულებულ საქმეს დიდი სიხარულით ნამდვილად არ შეხვდა.

ჰარისონი-ჰეის დაპირისპირება ბრიტანელებმა აქედანვე მონათლეს ამ ქვეყნის პროფესიული კრივის ისტორიულ მოვლენად და 1993 წელს ჩატარებულ, ლენოქს ლუისისა და ფრენკ ბრუნოს საჩემპიონო ბრძოლას შეადარეს.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო