"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე

"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე

სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზე მართლაც ექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი იქნება ეს ზეგავლენა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე დარტყმა არის დასჯა იმისთვის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ დასჯა, არამედ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სადაც მზადდება ეს იარაღი. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ოპერაცია ისეა დაგეგმილი, რომ არ მოხდეს მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაში და არ შეეხონ რუსეთისა და ირანის შეარაღებულ ძალებს, რომელიც სირიაშია განლაგებული.

ამ დარტყმის გამო რუსეთს უარყოფითი პოზიცია ექნება, რადგან ბაშარ ასადი მისი მოკავშირეა და სწორედ მისი რეჟიმის დასაცავად შევიდა რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალებით. ტრამპმა პირდაპირ მიმართა რუსეთს, რომ არ ეკადრება არც ერთ ნორმალურ ქვეყანას ისეთი დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიც არის სირიის რეჟიმი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი და დასავლეთის ყველა პარტნიორის, პირველ რიგში, კი სუსტი თავდაცვისუნარიანობის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ იმოქმედოს.

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს.

„თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და შეიძლება ლოკალურ დონეზე სირიაში იყოს დაპირისპირება, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი, რომ მან დასავლეთის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, დაარტყამს იქ, სადაც სუსტი ადგილია. საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ნამდვილად სუსტია და ამიტომ, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, ჯერ ის მასშტაბები არ არის, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე ზეგავლენა იქონიოს საქართველოსა და ზოგადად კავკასიაზე.

„რაც შეეხება სქართველოს და ზოგადად კავკასიას, ჯერ ეს მასშტაბები არ არის, რომ რაიმე ზეგავლენა იქონიოს კავკასიაზე. ამ ეტაპზე რუსეთს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ სხვა მიმართულებით იმოქმედოს. თუმცა სხვა რეგიონებში გააქტიურება ეს იქნება საქართველო თუ უკრაინა, გამორიცხული არ არის, მაგრამ ისინი ამას, ასე სწრაფად და პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ განახორციელებენ, რადგან ეს არ იქნება ადეკვატურად აღქმული დასავლეთის მხრიდან. რუსეთის ნებისმიერ აქტივობას წინ ყოველთვის უძღვის საინფორმაციო ომი და საკუთარი ქმედებების ასე ვთქვათ, დასაბუთება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. მაშინ ყველა არხზე, მთელი საინფორმაციო სიცრუის ტალღა იყო წამოსული რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა საჭირო, საქართველომ რაიმე ტიპის მხარდაჭერა გამოხატოს კოალიციური ქვეყნების მიმართ, რომლის შემადგენლობაში აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედიან, სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობა არ დგას.

„ზედმეტი ემოციები საჭირო არ არის, საქართველო ისედაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმთან ბრძოლაში. რაც შეეხება ქიმიური იარაღის გამოქვეყნებას, ცივილიზებული მსოფლიოს პოზიცია ისედაც გასაგებია და საქართველოც, რა თქმა უნდა, უერთდება იმ მიდგომებს, რომ ქიმიური იარაღი განადგურებული უნდა იქნას და არ შეიძლება მისი გამოყენება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს.

„ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით წერს. არათუ მესამე მსოფლიო ომს, რეგიონალური ომის მასშტაბამდეც კი არ გადავა. ჩემი აზრით, სირიის ფარგლებში გაგრძელდება, დაახლოებით ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. თვითონ ეს ფაზა მოსალოდნელი იყო, ანუ ძირითად მოთამაშეთა დაპირისპირებები სირიაში. ფაქტობრივად, რუსეთს უპირისპირდება დასავლეთი. განსაკუთრებით აშშ, როგორც ასადის რეჟმის მხარდამჭერ ძალას. ამ დაპირისპირებასთან გვაქვს ჩვენ ადგილი” - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.

„არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა“, - განაცხადა რუდსკოიმ.

მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები