"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

თუკი ვეფხია ბაქრაძეზე ე.წ.უდო-ს კომისიას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ე.წ.უდო-ს კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მარგველაშვილის მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიას აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებდა.

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

„კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები