"ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებული მსჯავრდებულების რეციდივებს რომ გადავხედოთ, საგანგაშო რიცხვებია" - გახარია

"ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებული მსჯავრდებულების რეციდივებს რომ გადავხედოთ, საგანგაშო რიცხვებია" - გახარია

ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. თუმცა მისი თქმით, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცეა და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია", - აღნიშნა გახარიამ.

როგორც გახარია აღნიშნავს, შს სამინისტრო ვერასდროს იქნება მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ძალა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს.

"ჩვენ, როგორც შს სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ამ პოზიციას დავაფიქსირებთ ყველგან. თუმცა, არ არის ჩვენი მიდგომა, რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის მსგავს შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები