ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს

ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვის მიერაა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა ჩემი შვილისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასკვნა არის ბუნდოვანი და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმეზე, კვლავ პასუხგაუცემელია.

"ზედაპირულად გადავხედე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ. მისი განხილვა სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მოხდება. ზედაპირულად რასაც გადავხედე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ექსპერტიზა სრულფასოვანი არაა, ვინაიდან ამ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ვერ დადგინდა რა იარაღით ან რომელი დანით იყო მიყენებული ჩემი შვილისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად, ვისგან იყო მიყენებული ეს ჭრილობა, ამის დადგენაც შეუძლებელია. თუ არ არსებობს იარაღი, რომლითაც მიაყენეს ეს ჭრილობა, შესაბამისად დამნაშავეც არაა გამოვლენილი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დასკვნაში ასახულია ის ჭრილობები, რომელიც ბრალდებულებმა მიაყენეს მის შვილს, თუმცა, ზაზა სარალიძის თქმით, სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ამ ექსპერტიზით ვერ დადგინდა.

"ორი ბრალდებული, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის, ნამდვილად არიან დამნაშავეები და მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ჩემი აზრით, გამოიკვეთა სხვა იარაღიც, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერი შეცვალა და მოარგო ექსპერტიზის დასკვნა იმ მოწმეების ჩვენებებს, ვინც დღემდე დაიკითხა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა