ავტორი:

როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები

როგორ უნდა მოუაროთ ტატუს და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაკეთება - დერმატო-ვენეროლოგის რეკომენდაციები

ტატუირება კანქვეშ, საღებავის შეყვანით სხეულზე გამოსახულებების გამოყვანაა, რომელიც ნემსით კეთდება. ის მსოფლიოს მრავალ ხალხშია გავრცელებული. ამ ჩვეულებამ განსაკუთრებულ მაღალ ესთეტურ დონეს აზიის მაღალკულტურის ხალხებში მიაღწია, მაგრამ ამჟამად ტატუს დანიშნულებასა და მხატვრულ მნიშვნელობაზე არ ვსაუბრობთ. დერმატო-ვენეროლოგ ნანა ჭითანავასთან ერთად განვიხილავთ, როგორ უნდა მოვუაროთ ტატუს, რომელსაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე გავიკეთებთ და შეიძლება თუ არა ყველანაირ კანზე ტატუს გაკეთება.

- ტატუ არ კეთდება არასრულწლოვნებზე, რადგან ადამიანის ზრდასთან ერთად, კანიც იზრდება, ამიტომ ტატუმ შეიძლება ფორმა შეიცვალოს. ტატუს გაკეთება რეკომენდებული არ არის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ალერგიული პროცესები, ხალები, შაქრიანი დიაბეტი, რთული ქრონიკული დაავადებები, როდესაც კელოიდებისა და ლაქებისკენ აქვს ადამიანს მიდრეკილება.

- დასახელებულ დაავადებებისას რატომ არ შეიძლება ტატუს გაკეთება?

- შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გართულება გამოიწვიოს. მაგალითად, ფსორიაზს ტრავმირებულ ადგილას ახალი გამონაყარის გამოსვლა ახასიათებს. მაღალი ალბათობაა, რომ ტატუს ადგილას ფსორიაზიანი ბალთა გამოვიდეს, ტატუს ფორმა შეცვალოს და აღარც გამოჩნდეს. რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, თუ ის კომპენსირებული არ არის და არ არის რეგულირებული, შეიძლება გართულება მოჰყვეს.

ასევეა ხალებზეც. ზოგადად მისი ტრავმირება არ შეიძლება. სავარაუდოდ, მოშუშების პროცესის დარღვევას გამოიწვევს, რადგანაც როდესაც შაქარი მაღალია, რეგენერაციის პროცესი დაბალია. ასევე შეიძლება მეორადი ინფექციის შეჭრა (დაჩირქდება). ამ თვალსაზრიით, ტატუს გასაკეთებლად ნებას არ ვაძლევთ, რადგანაც, როგორც ვთქვი, დასაშვები არ არის. თუ ადამიანს მაღალი მგრძნობიარობა აქვს, მაგალითად, ამა თუ იმ საღებავზე, ალერგიული რეაქცია ექნება, რაც უნდა გავითვალისწინოთ.

- კელოიდები ახსენეთ, რაც კანზე წითელი ნაწიბურების გაჩენას ნიშნავს. ე.ი. მის დროსაც უკუნაჩვენებია ტატუ?

- დიახ და ამ წითელი ნაწიბურების გაჩენის მიზეზები დადგენილიც არ არის. თუ ადამიანი მიდრეკილია კელოიდებისკენ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ტატუს გაკეთება, რადგანაც ტატუს ადგილას შეიძლება კელოიდური ნაწიბური წარმოიქმნას. აქვე ვიტყვი, რომ ვიტილიგოს (თეთრი ლაქების) დროსაც არ არის სასურველი ტატუ.

- როგორ მოვუაროთ ტატუირებულ კანს, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როდესაც ტატუ ახალი გაკეთებულია?

- ტატუს გაკეთების შემდეგ, საჭიროა კანის დატენიანება პანთენოლის (აღმდგენი) შემცველი მალამოებით, არ უნდა მოხდეს კანის ტრამვირება, დაუშვებელია მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა. თავიდან რეკომენდებული არ არის ქლორილებული და მარილიანი (ზღვის) წყალი. ტატუს გაკეთების შემდეგ, კანს კარგი დატენიანება სჭირდება, რომ აღდგეს და თავიდან ავიცილოთ კანის გამოშრობა, აქერცვლა და ტატუს გაუფერულება. ამისთვის საჭიროა სპეციალური ლოსიონების წასმა. ასევე არ უნდა მოხდეს მეორადი ინფექციის შეჭრა. არ შეიძლება ზედმეტი რუჯი, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე. ერთი თვის შემდეგ კი, ეს ყველაფერი ნორმირებულად და დოზირებულად დასაშვებია. თუმცა, ბევრმა რუჯმა შეიძლება ფერების გახუნება, შეცვლა გამოიწვიოს, ტატუს ასევე ზღვის წყალიც ახუნებს.

- ალბათ ტატუს გაუფერულებას სოლარიუმიც ხელს უწყობს.

- დიახ, მზის სხივებთან ერთად, სოლარიუმიც მოქმედებს, რადგან ორივეგან გავლენას ულტრაიისფერი ეფექტი ახდენს. ამიტომ როცა ტატუ ახალი გაკეთებულია, მზის სხივები, სოლარიუმი იკრძალება. ტატუ დროთა განმავლობაში ისედაც იცვლის ფერს, ხოლო მზის სხივები პროცესს უფრო აჩქარებს, მაგრამ ეს არ კრძალავს შემდგომში დაახლოებით 3 თვის შემდეგ რუჯის მიღებას.

- შეიძლება ტატუზე რაიმე დაავადება წარმოიქმნას?

- რა დაავადებებიც ვახსენეთ, ეს ყველაფერი შეიძლება განვითარდეს. ამასთან, შესაძლოა, ქრონიკული ავადმყოფობების გამწვავება მოხდეს, მაგალითად, ჰერპესის დროს იმიტომ, რომ ეს არის ტრავმა და ნებისმიერ ტრავმაზე, ჰერპესზე მიდრეკილ პაციენტებს შეიძლება ჰერპესის ბუშტუკები გამოაჩნდეთ. ასე რომ, ქრონიკული დიაგნოზებისას, რომლებიც ჩამოვთვალეთ, ყველას შემთხვევაში არის უკუჩვენება. როგორც ვთქვით, შეიძლება, მეორედი ინფექციაც გართულდეს. ისე, ჰერპესი არ არის აბსოლუტური უკუჩვენება, შესაძლოა ტატუ გაკეთდეს, მგარამ თუ ადამიანი ამ დაავადების მიმართ მიდრეკილია, მაშინ საპრევენციოდ, ანტივირუსული პრეპარატი უნდა გაკეთდეს.

ტატუირებულ კანზე, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება ინფექცია შეიჭრას, ალერგიული რეაქცია, კელოიდური ნაწიბურები გაჩნდეს, შეიძლება განვითარდეს ვირუსული ინფექციები, ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ტატუს გაკეთების დროს დაცული იყოს ყველა ნორმა. დიდად მნიშვნელოვანია, ადამიანმა ამოირჩიოს სერტიფიცირებული და კარგი ადგილი, სადაც დაცული იქნება ყველანაირი საფრთხისგან, რომ არ გადაედება ვირუსული დაავდებები - ყველაზე საშიში შიდსი და ჰეპატიტები. ამიტომ ყველანაირი რეკომენდაცია უნდა დაიცვან, თუ უნდათ, რომ კარგი შედეგი მიიღონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, არ მიიღონ გართულება. დანარჩენი, გაიკეთონ თუ არა ტატუ, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ. როგორც სპეციალისტი, არ ვარ მომხრე ტატუსი. კანის ზედაპირის ასეთი ფორმით დაზიანების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია.

- შესაძლებელია ტატუს მოშორება უმტკივნეულოდ და მისი კანის ზედაპირიდან უკვალოდ გაქრობა?

- ტატუს მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდი ლაზერული მოცილებაა. ლაზერი ოქროს სტანდარტია და რაიმე გართულება ამ მხრივ მას არ ახლავს, მაგრამ ზოგიერთი დიდი ტატუირება, სადაც ძალიან მკვეთრი ფერებია, სრულიად უკვალოდ შეიძლება ვერ გააქროს, რაც გასათვალისწინებლია. თუმცა ყველას ჰგონია, რომ შეიძლება დაიხატოს და მერე უკვალოდ მოიშორებს, მაგრამ ასე სამწუხაროდ არ ხდება...

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

ხმაური პარლამენტთან - ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევთ