რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 3 წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

2015 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 1 წლის წასულმა ბიძინა ივანიშვილმა, მისი პოლიტიკაში დაბრუნება "მეორედ მოსვლას" შეადარა. მაშინ, უკვე მოქალაქე ივანიშვილი, კატეგორიულად გამორიცხავდა პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას.

"საზოგადოებამ ამ 20 წლის მანძილზე გაიგო, რა არის ხელისუფლება და რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. თუ არ აკონტროლე ხელისუფლება, ჩვენ გვქონდა, ამის მაქსიმუმი გამოვლინება, როგორ შეიძლება მოექცე საკუთარ ხელს - ეს გახლდათ "ნაციონალური მოძრაობა". საზოგადოებამ გააცნობიერა, თუ აირჩიე და ვერ აკონტროლე, მიიღებ იმას რაც მიიღო ჩვენმა ხალხმა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე.

მთავარი ბერკეტი რომ გყავდეს კარგი ხელისუფლება, არის საზოგადოება, თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას ხელისუფლების, ის იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ამ ჩვევის გამომუშავება დაიწყო ხალხში. ის ჭარბი ნდობა, რაც მე გამაჩნდა საზოგადოებისგან და რის საფუძველზეც მოვედით მთავრობაში, ამით სარგებლობა - რაც მეტს დავრჩებოდი ხელისუფლებაში, მეტად საზიანო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რამეთუ კარგი მმართველი იქნება იმდენად, რამდენადაც მას საზოგადოება მიუთითებს რა უნდა და უნდა იცოდეს ხელისუფლებამაც, რომ მას ხალხი არ აპატიებს შეცდომებს და გადახვევებს.

აქედან გამომდინარე, რამდენი ხნით მეტს დავრჩებოდი პოლიტიკაში, მით უარესი იქნებოდა საზოგადოების განვითარებისთვის. ნდობა რაც მე გამაჩნდა, არ უნდა დახარჯულიყო მხოლოდ პრემიერის პოსტზე, ან მთავრობაზე. ჭარბი ნდობა მოადუნებდა და შეანელებდა იმ მუხტს, რომ საზოგადოებას გაეცნომიერებინა, რომ პატრონი ამ ქვეყნის თვითონაა და არა ხელისუფლება, პრემიერი, ან პრეზიდენტი.

ჩემი წამოსვლით, ეს ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე, დავბრუნდი საზოგადოებაში და აქედან გავაკეთებ საქმეს. საზოგადოებას ვავსებ მათგან მიღებული ნდობით... ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას..." - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2015 წლის იანვარში.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს დილიდან "ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები