როგორ დაამარცხა ერთმა კაცმა კრიმინალი ქუთაისსა და თბილისში მე-20 საუკუნის დასაწყისში

როგორ დაამარცხა ერთმა კაცმა კრიმინალი ქუთაისსა და თბილისში მე-20 საუკუნის დასაწყისში

1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ ურატაძის კაბინეტის კარი მაღალმა, ძლიერი აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა შეაღო. ურატაძე მას ელოდა. წინა დღით საბჭოს სხდომაზე დიდი განსჯა იყო, ვინ დაენიშნათ ახალშექმნილი მილიციის უფროსად - ქალაქში გახშირებული ძარცვა-გლეჯისა და ახალჩამოყალიბებული ნაციონალური პოლკების თავნებობისთვის (რომლებიც ბოლშევიკურ აგიტაციას იყვნენ აყოლილი და ხშირად ქალაქს არბევდნენ) ბოლო რომ მოეღო. ამ დრომდე ვერც ერთი მილიციის უფროსი ვერ გაუმკლავდა ამ ძნელ ამოცანებს. დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა მორიგ ცდაზე ვლადიმერ სულაქველიძეს გაუწია რეკომენდაცია.

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე 1884 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. მისი მამა ამბაკო სულაქველიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო და ცხრა შვილი ჰყავდა. მათგან სამი - ვალოდია, კონსტანტინე და ანეტა აქტიურად იყვნენ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმული. კონსტანტინე (კოწია) სულაქველიძე, ცნობილი სოციალ-დემოკრატი («მენშევიკი») ქუთაისის ერობის თავმჯდომარე იყო 1918 წლიდან, ხოლო და ანეტა - აქტიური ბოლშევიკი; იგი 1907 წელს, თბილისში «ერივანსკის» მოედანზე გახმაურებულ ბანკის ძარცვაშიც მონაწილეობდა. ამბაკოს ოჯახში იზრდებოდა ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, როცა იგი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

ურატაძე ახალგამომცხვარ კანდიდატს ალმაცერად უყურებდა. უმაღლესი განათლების მქონე ფილოლოგი, რომელიც ადრე მასწავლებლად მუშაობდა და მეფის არმიის რეზერვის პორუჩიკის წოდებაც ჰქონდა, მილიციისთვის შესაფერის კადრად არ მიაჩნდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს უწყინარი გარეგნობის ტიპური ინტელიგენტი, გამხეცებული ყაჩაღების თარეშს რამე რეალურ მოქმედებებს დაუპირისპირებდა.

ურატაძის შეკითხვაზე, - შეძლებდა თუ არა ქალაქში წესრიგის დამყარებას, სულაქველიძემ უპასუხა, - შევძლებ, თუკი თქვენგან შესრულებული იქნება ორი პირობა: ერთი - მეყოლება საჭირო რაოდენობის მილიციელები და მეორე - მექნება მოქმედების თავისუფლება.

ქუთაისის საგუბერნიო ციხე (დავით ხვადაგიანის ფოტო 2017 წ.)

ორივე პირობაზე თანხმობა მიიღო და უფლება მიეცა, შტატი თვითონვე შეედგინა. მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო და ბოროტმოქმედებისგან ქალაქის გაწმენდას ენერგიულად შეუდგა. რამდენიმე კვირაში ვალოდიამ ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა; ქალაქი ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად, როცა ქუთაისში, ბაღის კიდეზე სამხედრო შინელით, ზურგზე ხელებდაწყობილი მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე გაისეირნებდა, შემორჩენილი თითო-ოროლა ბაცაცა მაშინვე გულგახეთქილი იმალებოდაო. დაუმორჩილებლობას მხოლოდ ნაციონალური პოლკების ჯარისკაცები იჩენდნენ კვლავ, რის გამოც თბილისიდან გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის გამოძახება გახდა საჭირო. ამგვარად განაიარაღეს ჯარისკაცები, რომელთა ნაწილმა მაინც მოახერხა იარაღით ქალაქიდან მშობლიურ სოფლებში გაქცევა და იქ ანარქიის შეტანა.

ვლადიმერ სულაქველიძემ და მისმა მოადგილემ - ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ამბერკი ადეიშვილმა თავი განსაკუთრებით 1918 წლის ზაფხულში გამოიჩინეს, გაბოლშევიკებული ჯარისკაცების მიერ ლეჩხუმისა და ოკრიბის მხარეებში მოწყობილ აჯანყებათა ლიკვიდაციისას, ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორისა და თადეოზ მორჩაძის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, კამპანიის დასასრულს ამბერკი ადეიშვილი, ოპოზიციის პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით (რაც ბოლშევიკების თანამგრძნობი მოსახლეობის ცემა-ტყეპაში გამოიხატებოდა), შს მინისტრმა ნოე რამიშვილმა თანამდებობიდან გადააყენა და პასუხისგებაში მისცა.

ვლადიმერ სულაქველიძის საფლავი ლევილში

ვლადიმერ სულაქველიძის ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. საომარი მდგომარეობის პირობებში, სულაქველიძის ძალისხმევით ქუთაისში, ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც არ ყოფილა, რაც მის მაღალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს.

"ჩვენი სამშობლო ამჟამათ მეტად სერიოზულ წამს განიცდის. იგი ომის წინაშე სდგას. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ყველა მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს რესპუბლიკის მთავრობის ბრძანება, არ აყვეს გრძნობას და კერძო პირთა მოწოდებას და პროვოკაციას. ამჟამათ შინაური წესრიგი ყველაზე უმფრო გვეჭირვება. წესიერება და სიმშვიდე ყველაზე უფრო დიდი თავდებია ქვეყნის დაცვის საქმეში. ქუთაისის მოქალაქენო! მე მოგიწოდებთ დაიცვათ სრული წესიერება. ამიტომ, მე როგორც ქალაქში წესიერების დამცველი, რომელსაც მაქვს უფლება მინიჭებული დემოკრატიულ თვითმმართველობიდან, რევოლუციონურ ორგანიზაციებიდან, ვაცხადებ თქვენს საყურადღებოთ შემდეგს:

1. სასტიკათ აკრძალულია ერთი ერის მეორეზე წასისიანება და ამ ნიადაგზე კრების, მსჯელობისა და რაიმე გამოსვლის მოწყობა.

2. ქეიფი და ქუჩაში დროს ტარება.

ჩემამდინ უკვე მოაღწია ცნობამ, რომ ზოგიერთი ვაჟბატონები პროვოკაციას ეწევიან და პოგრომისკენ მოუწოდებენ. ყველა ასეთი პირი ჩემგან სასტიკათ დაისჯება, მხოლოდ გამოსვლას იარაღით ჩავაქრობ.

ქუთაისის სახალხო მილიციის უფროსი ვ. სულაქველიძე».

ეს განცხადება ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა და ქუჩებშიც გამოაკრეს, რამაც შედეგი გამოიღო და ქუთაისში არავითარი უწესრიგობა არ მომხდარა. სულაქველიძის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა...

თბილისის მცველი

ამ პერიოდში თბილისის მილიცია ქალაქის სიდიდის, მილიციელთა უპასუხისმგებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო წესრიგის დაცვას თავს ვერ ართმევდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მილიციის უფროსად ქალაქის თვითმმართველობისთვის ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია. ქუთაისის ქალაქის საბჭომ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომ ვლადიმერ სულაქველიძე ქუთაისში დაეტოვებინათ, მაგრამ შსს-მ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 14 აპრილს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის თავმა დიმიტრი კალანდარიშვილმა სპეციალური მადლობა გამოუცხადა უკვე ყოფილ მილიციის უფროსს. ქალაქის საბჭოს წევრებმა, სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტების პარტიის წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს სულაქველიძეს და თავდადებული მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს.

ქართველი (თბილისის მე-8 უბნის) სახალხო მილიციელთა ჯგუფი, 1918-1921 წლები

1919 წლის მაისიდან ვლადიმერ სულაქველიძე უკვე თბილისში იყო და ქალაქის მილიციის რეორგანიზებას ენერგიულად შეუდგა. ორი კვირის განმავლობაში მან დაითხოვა ყველა უბნის კომისარი და სამსახურში ახალი კადრები მოიწვია, მთლიანად გადასინჯა შტატები და ის მილიციელები, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული, დააპატიმრა. იგი პირადად ამოწმებდა სადარაჯოებზე მყოფ მილიციელებს, მალევე მიაღწია იმას, რომ თანამშრომლები სამსახურში ფორმის დარღვევით არ გამოცხადებულიყვნენ და რომ განმასხვავებელი ლითონის სანიშნეები ყველა მათგანს წესრიგში ჰქონოდა. სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს კი ფორმის ტარება სასტიკად აუკრძალა.

თბილისში ქუჩების განათება სუსტად იყო ორგანიზებული. მილიციას უნდა შეემოწმებინა, როგორ ასრულებდნენ სახლის პატრონები კანონის მოთხოვნას, დაბინდებისთანავე აენთოთ სახლების გარე განათების ფანრები ელექტრონით ან ნავთით, რაც არ სრულდებოდა. სულაქველიძემ მიზნად დაისახა ამის გამოსწორება და მცირე ხანში ქუჩის განათება სრულად აღადგა. ასევე მან დაავალდებულა მოსახლეობა, ღამით სადარბაზოები და ეზოები დაეკეტათ. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამსუბუქა კრიმინალური მდგომარეობა და მილიციას დანაშაულთან ბრძოლა გაუადვილა. მისივე დავალებით აიკრძალა დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახლების ღამით ჩხრეკა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და მილიციელებს სასტიკად აეკრძალათ სადარაჯოებზე მათრახით დგომა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ სულაქველიძე პირადად მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რიგითი დამნაშავეების დაკავება იქნებოდა თუ გენერალ ბარათოვზე თავდასხმის გახმაურებული შემთხვევა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრისგან მადლობა მიიღო. ვლადიმერ სულაქველიძემ მთავრობის იმედი გაამართლა. ისევე როგორც ქუთაისში, თბილისშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რისთვისაც სულაქველიძემ მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა...

ავტორი: დავით ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

წაიკითხეთ ვრცლად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის “ისტორიანის” მაისის ნომერში

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით