ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო

ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე სამარცხვინო მდგომარეობა იყო

დღევანდელ პროცესზე ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო, რადგან ერთი ბრალდებულის ადვოკატი მეორე ბრალდებულს აბრალებდა, რომ ეს ჭრილობა მისი დანით იყო მიყენებული და მეორე მხარე საპირისპიროს აკეთებდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს მხარეებმა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა გამოიკვლიეს და ექსპერტები დაკითხეს. დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ, დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, საქმეში არსებული ორი დანიდან ერთ-ერთის გამოყენება კატეგორიულად გამორიცხა.

„სრულიად სამარცხვინო მდგომარეობა იყო დღეს პროცესზე. ვიხილავთ ორი ბავშვის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას და ორივე ბრალდებულის ადვოკატი, დღეს ფაქტობრივად ერთმანეთს დაერივნენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იყო მიყენებული ესა თუ ის ჭრილობა. ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო, რადგან ერთი ბრალდებულის ადვოკატი მეორე ბრალდებულს აბრალებდა, რომ ეს ჭრილობა მისი დანით იყო მიყენებული და მეორე მხარე საპირისპიროს აკეთებდა. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რაც მიმდინარეობს ტელევიზიაში - მათი პიარ კამპანია, რომ მათ ბრალდებულებს არ აქვთ ჩადენილი დანაშაული და არ მიუყენებიათ სასიკვდილო ჭრილობები. ლევან დადუნაშვილის ნაწილში არის ერთი სასიკვდილო ჭრილობა და ამ ნაწილში ერთ-ერთი ბრალდებულის დანა მთლიანად გამოირიცხა. დღევანდელ პროცესამდეც ნათელი იყო ჩვენთვის, რომელი ბრალდებულის მიერაა მიყენებული ლევან დადუნაშვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა და დღეს ეს უფრო მკაფიოდ და გარკვევით გამოიკვეთა“, - განაცხადა ადვოკატმა.

იზო მაღლაკელიძის თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა განაჩენის გამოსატანად საკმარისი არაა და შესაბამისად, სასამართლო სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასაც უნდა დაეყრდნოს.

„ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ დავით სარალიძის სხეულზე რამდენიმე ჭრილობა და ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობა არ არის მიყენებული ერთი დანით. ანუ საქმეში არსებული ორი დანიდან ერთ-ერთი დანა კატეგორიულად გამორიცხა ექსპერტმა. რაც შეეხება მეორე დანას, ამაზე მიუთითა, რომ შესაძლებელია ჭრილობა იყოს მიყენებული ამ დანით, ან მსგავსი პარამეტრის და თვისებების მქონე საგნით. ეს არის სტანდარტული დასკვნა და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს განაჩენი. ამ დასკვნასთან ერთად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა დადგეს განაჩენი“, - განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.

ამასთან დადუნაშვილის ოჯახი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მოწმეები არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ