ტარიელ კაკაბაძე - ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია

ტარიელ კაკაბაძე - ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია

დადგინდა რომ იმ დანით, რომლის ფლობასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, არ არის მიყენებული ჭრილობა, რომლითაც ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნმალისტებს განუცხადა. მისი თქმით ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას ვერ სცემს პასუხს, თუმცა ცალსახად გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული.

„ექსპერტის ჩვენებით დღეს უტყუარად დადგინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუყენებია გარდაცვლილისთვის ჭრილობა, რომელმაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ანუ დადგინდა რომ იმ დანით, რომლის ფლობასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, არ არის მიყენებული ჭრილობა, რომლითაც გარდაიცვალა ადამიანი. ექსპერტი ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რამდენი დანა არის გამოყენებული დაჭრის პროცესში. ექსპერტმა ვერ უპასუხა რამდენი დანითაა დაჭრილი დავით სარალიძე, ვერ პასუხობს რომელი დანით რომელი ჭრილობაა მიყენებული, თუმცა გამორიცხავს, იმას რომ იმ დანით, რომლის ფლობასაც ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მიყენებულია მომაკვდინებელი ჭრილობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო ამ მტკიცებულებებს სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასებს, არანაირად არ გაიზიარებს ბრალდების მხარის სრულიად დაუსაბუთებელ პოზიციას“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ალტერნატიულ ექსპერტიზას, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და დაიწყებენ მუშაობას.

„ბრიტანელი ექსპერტები დღეს ტოვებენ საქართველოს, თუმცა ისინი რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და დაიწყებენ მუშაობას ექსპერტიზის ჩატარებაზე. დაცვის მხარე გვაქვს საკმაოდ მცირე დრო რათა წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნები. ასევე აუცილებელი იქნება, რომ ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენის შემდეგ დავკითხოთ ეს ექსპერტები სასამართლოში. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფერს პირველი ინსტანციის განხილვის დასრულებამდე და განაჩენის გამოტანამდე გავაკეთებთ“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ მოწვეული ერთ-ერთი ექსპერტის კომენტარებმა, შესაძლოა, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს. როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ექსპერტმა საკვლევი მასალების გაცნობამდე და გამოკვლევამდე, პირდაპირ ისაუბრა გარდაცვლილებზე მიყენებულ ჭრილობებსა და ამ საქმეში დანების სიმრავლეზე . ფხაკაძის თქმით, ამ შემთხვევაში მოწვეული ექსპერტი შეიძლება მხარედ ჩაითვალოს, ხოლო მის მიერ გაცემული დასკვნა არაობიექტურად.

„მოვუსმინე ჩამოსული ექსპერტების კომენტარებს, ასევე ექსპერტ დეკანოზიშვილის კომენტარს. მაშინ როცა ექსპერტს საკვლევი მასალა არ გადასცემია, მაშინ როცა ექსპერტს კვლევა არ დაუწყია, არ დაუმთავრებია, იმპერატიულად აცხადებს ეს ადამიანი, რომ ერთ დანაზე მეტით მოხდა ჭრილობების მიყენება. ალბათ, მერე ვინმემ უკარნახა და რამდენიმე წამში ადასტურებდა ორი დანით, ან მეტით მოხდაო დაზიანებების მიყენება. ამით საზოგადოებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. თუ ექსპერტს საკვლევი მასალა არ გადეცა, თუ საკვლევი მასალა არ შეაფასა, არ გამოიკვლია რა დაზიანებებია, რაზე დაყრდნობით უნდა განაცხადოს, რომ ერთი დანაა, ან ორი დანაა, ან ორ დანაზე მეტია. დეკანოზიშვილი გვევლინება ამ შემთხვევაში მხარედ, ვინაიდან მხარე აცხადებს აღნიშნულ პოზიციას. ბრალდების მხარემ დანიშნა ექსპერტიზა. ჩვენთვის ექსპერტების ვინაობა, ისევე როგორც კვლევის მეთოდები და რა ვადაში მოხდებოდა საექსპერტო კვლევა ცნობილი არ იყო. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაასრულეს მუშაობა. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს უშუალოდ კავშირი აქვთ ექსპერტებთან, ჩართულები არიან, საექსპერტო კვლევა ერთობლივად ხდება, რაც გარკვეულწილად დასკვნის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

პროკურორის თქმით, ასევე სიცრუეა ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდების მხარე დაცვას ნივთმტკიცებებს არ აძლევს.

„ბრალდების მხარე მზადაა ნებისმიერ დროს, მათ შორის არასამუშაო დროსაც, მომართვის შემთხვევაში, დაცვის მხარეს ადგილზე მივუტანოთ ნივთიერი მტკიცებულება, რათა მათთვის ხელოვნურად არ მოხდეს დროის გაჭიანურება“. - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ