ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები

ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რა პრივილეგიით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები

ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.

ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე.

„ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.

ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 16 აპრილიდან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."