მალაიზია ფეხბურთის მთავარი ჩამწყობი?

მალაიზია ფეხბურთის მთავარი ჩამწყობი?

დიდი ამბებია მალაიზიაში. პოლიციას და გემბლერებს ერთმანეთში ნამდვილი ომი აქვთ გაჩაღებული. იქაური სამთავრობო მონაცემებით ვითომ პოლიცია იგებს, თუმც საერთო სურათი მაინც “საბუქმეიკერო მაფიის” ძლიერებას აჩვენებს. ამ ქვეყანაში მოქმედი არალეგალური საბუქმეიკერო კანტორები მსოფლიოში ისეთი გავლენით სარგებლობენ, რომ ხშირად დაფიქსირებულა შემთხვევბი, როცა მათ გავლენა მოუხდენიათ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების თამაშთა მსვლელობაზე.

და რამდენი ვერ დაფიქსირებულა?! არადა, მუსლიმანურ მალაიზიაში კანონი საერთოდ კრძალავს სპორთულ შეჯიბრზე, ან საერთოდ რაიმეზე ფულის ჩასვლას - დამნაშავეებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის. კანონის ფარგლებში მუსლიმანებზე ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში არიან სხვა რელიგიის მიმდევარნი, რომელთაც უფლება ეძლევათ დოღზე დადონ ფსონები და აგრეთვე ითამაშონ ლატარეა. მაგრამ რა ხდება მალაიზიაში და სხვა სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ასე მომძლავრებულ იატაკქვეშეთში? თურმე მალაიზიაში ყველა “მაზავს”, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, მუსლიმი თუ გიაური.

“მაზავენ ყველაფერზე”, ქუჩურ ჩხუბებზე, ძაღლების ჩხუბებზე, მამლების ძიძგილაობაზე, თავისთავად სპორტულ შეჯიბრებებზე და რაღა თქმა უნდა, ფეხბურთზე. ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება, ახლა კი კარგად მოგეხსენებათ, ფეხბურთით სუნთქავს მსოფლიო და მასთან ერთად ცხადია, მალაიზიაც. არალეგალურ საბუქმეიკერო კანტორებში ყოველ წელიწადს 20 მილიარდი რენგიტი იდება, რაც დაახლოებით 6.2 მილიარდი (!!!) დოლარია.

მუნდიალის მსვლელობის დღეებში მალაიზიურმა პოლიციამ დააკავა ფულზე თამაშში შემჩნეული 120 პირი, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდა 15 წლისაა, უფროსი კი 73-ის. მაგრამ ეს ძირითადად წვრილფეხობაა და ძალიან იშვიათია, რომ პოლიციის ბადეში გაებას ვინმე ისეთი დიდი ღლავი, რომელსაც მსოფლიო დონის თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მუნდიალზე ისეთი უცნაური შედეგები “ჯდება”, რომ ტოტალიზატორებში დიდძალი ფულის წამგები ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის “ჩაწყობაზეც” გაცხარებული კამათობს. ჰოდა, ამაზე მოფიქრალნო - ცოტა გავიხუმროთ და - ისიც იფიქრეთ: სადღაც კუალა ლუმპურში მჯდარი ვინმე მაფიოზი-ბუკმეკერი, ვთქვათ მისტერ ჩენი ან მისტერ სუნი ხომ არ ათამაშებს მსოფლიო ფეხბურთს უხილავი ძაფებით?

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო