მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულია, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია.

“2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. საერთოდ, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა ნამდვილად, ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, მედიის მიმართ არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა ხდება და მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ.

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაცა ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს - ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "რუსეთთან ასეთ ვითარებში მყოფი ქვეყანა ეროვნული უშიშროების საბჭოს აუქმებს - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ". პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით სწორი და ადეკვატურია საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

“ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი - ყველას გაერთიანების მოტივაცია იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხორციელდებოდა. რუსეთთან ამ ვითარებში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე - აუქმებს უშიშროების საბჭოს! ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ“, - მიმართა პარლამენტს გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმესაც შეეხო.

"როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე", - აღნიშნა მან. მისი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

„ჩვენი მიზანი და მანდატი იყო ეს, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა.

„არ შემიძლია ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბიზნესზე წნეხი აღარ ხორციელდება და ბიზნესი დღეს თავისუფალია.

“ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას.

„არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა იმის თაობაზე, რამდენი არის უმუშევარი და რამდენი დასაქმებული, მაშინ როდესაც სტატისტიკა ეფუძნება მაგალითად, ასეთ განსაზღვრებას: წინა 7 დღის განმავლობაში სულ მცირე ერთ საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეოაბზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები