ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?

ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - რა იგეგმება სამომავლოდ?

კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წერსები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გახდება ცნობილი. დღეს ამოქმედებულ რეგულაციებს მომავალში კიდევ სხვა ნაბიჯები დაემატება.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად პრინციპული ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

„ჩვენ დღეს მოვედით ამ პრობლემამდე, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა ამ პრობლემის დაგროვება. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ გადაწყვეტას. ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ეს რეფორმა შუაში გაჩერდეს ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავალთ ბოლოში. ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტო ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტრიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ ეს იწვევს საქართველოში მეწარმეობის სურვილის და მეწარმეობის პოტენციალის გარკვეულწილად შემცირებას. ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - სიღარიბის დამარცხებას. ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ჭარბვალიანობის პრობლემა ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დღეს არის ე.წ. შავს სიაში და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ. პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები