ავტორი:

ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."

ქართველი ექიმის საოცარი ამბავი მეორე მსოფლიო ომიდან: "მეგონა გერმანელი იარაღს ამოიღებდა, მან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდაო..."

9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ვერმახტის არმიის მთავარსარდლობამ კაპიტულაციის შესახებ აქტს ხელი 8 მაისს მოაწერა, მსოფლიომ და საბჭოთა ხელმღვანელობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღედ, 9 მაისი დაამკვიდრა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა, სხვადასხვა მონაცემებით, მათგან 300 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა... არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ათასობით ქართველს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის დროშის ქვეშ მოუხდა ბრძოლა. შეიძლება ითქვას, ცალკეულ გამოცემებს თუ არ ჩავთვლით, მეორე მსოფლიო ომში ქართველების როლი სრულყოფილად არ არის შესწავლილი და ისტორიაში ეს ეპიზოდი ძალიან მწირია...

AMBEBI.GE უკვე რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ნეშტისა და საფლავების მოძიებას ცდილობს; უამრავმა ადამიანმა იპოვა წინაპარი, რომელიც 70 წელზე მეტ ხანს უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონათ. ეს ციკლი გრძელდება...

დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილის გამორჩეულ ისტორიას წარმოგიდგენთ - გრიშა კაკუშაძემ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა... (მთავარ ფოტოზე გრიშა კაკუშაძე ქალიშვილთან ერთად)

მადონა კაკუშაძე, გრიშა კაკუშაძის ქალიშვილი:

"მამამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტიც მის ბაზაზე იყო და იქ სწავლობდა. გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა, რომელიც საქართველოში ქირურგიის ფუძემდებლად ითვლება. კათედრაზეც მასთან ერთად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ბაღდათში, თავის მშობლიურ რაიონში გაანაწილეს. იქვე დაქორწინდა და 4 შვილი ვყავდით. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მაშინ წავედი სკოლაში... ახლაც ჩამესმის ის სიტყვები, რომელიც მაშინ რადიოში მოვისმინე - ფაშისტური გერმანია თავს დაგვესხაო... მამამ თავში შემოირტყა ხელი, - ომი იწყება და უნდა წავიდეო...

მართლაც, მეორე დღეს მამა კომისარიატში დაიბარეს და პირდაპირ ფრონტზე გაუშვეს. უკრაინაში, ქერჩში გაუშვეს, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, მამა გადარჩა... მალევე, ზაპოროჟიეს ოლქი გერმანელებმა დაბომბეს და მამაც, სხვებთან ერთად ტყვეობაში აღმოჩნდა.

ქალაქში, ვისაც შრომა შეეძლო, გარეკეს და საკონცეტრაციო ბანაკების გზას გაუყენეს, მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩნენ საცოდავად მიმოფანტულიო... მამას ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად დაუწყია მუშაობა, ენებიც იცოდა, რუსულად და გერმანულად საუბრობდა. ერთ დღესაც გერმანელი სამხედროები მის ჰოსპიტალსაც მიადგნენ თურმე, სადაც უამრავი ადგილობრივი მოხუცი და ბავშვი ჰყავდა შეფარებული...

მამა იხსენებდა: "ფანჯრიდან რომ გადავიხედე, დავინახე, უკვე ჭიშკარს აღებდნენ, ერთი სამხრეებიანი კაცი იყო, რამდენიმე ჯარისკაციც ახლდა... ჩავვარდი ეზოში და ლამის მუხლებში ჩავუვარდი, მე ჩემი ოჯახი და წვრილშვილი მყავს დატოვებული, ამათ რომ ვუვლი, ამით მათ ვეფერები, გემუდარებით, არ წაიყვანოთ, საკონცენტრაციო ბანაკს ვერ გაუძლებენ და დაიხოცებიან, მე ვუვლი მათ, დამიტოვეთო...

უცებ გერმანელმა ჯიბისკენ წაიღო ხელი, მეგონა, იარაღს ამოიღებდა და დამახლიდა, მან კი, ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა... გავოგნდი, ასე პირდაპირ პირველად ვნახე გერმანელი, თან შთაგონებული მქონდა, რომ ყველა ფაშისტი იყო და ამას არ ველოდი - ისინიც ადამიანები იყვნენო... შემდეგ დანარჩენებს ხელით ანიშნა, - წავედით აქედანო და ყველანი უსიტყვოდ გასულან..."

- ომის დასრულებამდე ტყვეობაში იყო?

- იმ დროს, უკრაინა თითქმის მთლიანად გერმანელების ხელში იყო, შემდეგ კი, ზაპოროჟიე დაბომბეს. განადგურდა ის ჰოსპიტალი, სადაც მამა მუშაობდა, თუმცა, ის გადარჩა... არადა, მაშინ, ჩვენ ოჯახმა მიიღო ცნობა, რომ ის უკრაინაში უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. სინამდვილეში, მამა და მასთან ერთად გადარჩენილი ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. რაღაც დროის შემდეგ, მათი ნდობა მოიპოვა და ბანაკის ტერიტორიიდან გასვლის უფლება მისცეს... გარშემო, დავრდომილი და გაუბედურებული მოხუცები, ქალები და ბავშვები იყვნენ დარჩენილი და მათთვის ექიმი შვება იყო. მამაც დადიოდა, მათ შეძლებისგვარად მკურნალობდა.

უკრაინელები ცდილობდნენ ქართველ ექიმთან ვალში არ დარჩენილიყვნენ და ვისაც რა შეეძლო, პურს, ყველს, კვერცხსა და სხვადასხვა პროდუქტს ჩუქნიდნენ. მამა იხსენებდა, გრძელი და განიერი პერანგი მეცვა, წელზე თოკით გაკვანძული და ბანაკის ტერიტორიაზე რომ შევდიოდი პროდუქტს პერანგის შიგნით ვიყრიდი და იმ მშიერ ხალხს ვურიგებდიო...

- ომი როცა დამთავრდა ტყვეობაში იყო?

- არა, გაიპარა... გერმანელები მეძებდნენ, მაგრამ მინდორში მყოფმა უკრაინელმა მწყემსმა გადამარჩინა, - მიხვდა და ძროხის თოკი მომაჩეჩა ხელში, ვითომ ჩემი იყოო და ასე მოვატყუეთო... უკრაინელებმა შეიფარეს და ასე ჩამოაღწია კავკასიამდე, თუმცა, იქ ქართველებმა დააკავეს და გააციმბირეს. პირდაპირ უთქვამთ - ტყვედ რომ ჩავარდი, თავი რატომ არ მოიკალიო... ისე ციოდა, რომ არ გავყინულიყავი, ხის სკამზე ვიძინებდიო. დაასრულა პატიმრობის ვადაც და დაბრუნდა.

ომის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ, სტალინის ბრძანება მოგვივიდა, - ტყვედ ნამყოფი ადამიანები უნდა გადაესახლებინათ. ჩვენს გარშემო რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს, - დღემდე ყურებში მაქვს მათი წივილ-კივილი. მამა კი, ჩვენმა კომისარმა, რომელსაც მამა მკურნალობდა, წისქვილებში დამალა და გადაარჩინა... თუმცა, მთელი ცხოვრება შიშში გაატარა, ყოველდღე ელოდა, რომ გამოიძახებდნენ და გადაასახლებდნენ...

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე