ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

დანაშაულის დაფარვაზე წესით მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ამას რამდენად გააკეთებს პროკურატურა ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქმეზე აქამდე ჩატარებული სასამართლო განხილვები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ამ საქმეს, არსებული მოცემულობით, ანუ დანაშაულის ჩადენაში ორი ბრალდებულით მიიყვანს. ზაზა სარალიძის თქმით, პროცესების მიმდინარეობისას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი რამდენიმე პირი გამოიკვეთა, რომლებთან მიმართებაშიც პროკურატურას არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

"რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას თავიდანვე, რომ ეს ორი ბრალდებული წარადგინა სასამართლოში ამ ორ ბრალდებულს მიიყვანს ბოლომდე, სხვას არაფერს არ გამოკვეთავს. იდენტიფიცირებულია რამდენიმე დამნაშავე, თუნდაც დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა. იმედია, განაჩენის დადგომის შემდეგ მაინც მიხედავენ ამ საქმეს ბოლომდე. ძალიან მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები გონს მოეგებიან და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ ისე, როგორც ეს საჭიროა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლულის მამა აცხადებს, რომ პროკურატურა ამ საქმეში გარკვეულ პირებს მფარველობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა რამდენიმე ადამიანს მფარველობს და ამ რამდენიმე ადამიანიდან გამომდინარე, მფარველობს ყველა იმ პირს, ვინც ამ ინციდენტში მიიღო მონაწილეობა, რადგან გარკვეულწილად ყველა დამნაშავეა ვინც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა. ამ საქმეში გამოძიებულიც კი არ არის მესამე დანის მონაწილეობა, რაც გამოძიების ეტაპზე დადასტურებულია. კონფლიქტი რომელიც დაიწყო საპირფარეშოში, მოსაგვარებელი იყო თვითონ 51-ე სკოლაში და ამაში უცხო პირების ჩარევა არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც ჩაერივნენ, სამწუხაროდ და მოჰყვა კიდეც სავალალო შედეგი. გარდაცვლილია ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ თუნდაც წინა პროცესიდან გამომდინარე, სუბელიანის მიმართ საგამოძიებო უწყებას გარკვეული ქმედებები უნდა განეხორციელებინა.

"მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელია გუშინდელი პროცესიდან გამომდინარე, როდესაც მისი მეუღლის დის შვილმა დაადასტურა მირზა სუბელიანის მისვლა მათთან ოჯახში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში და როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ გადამალულები მ.კ. და ერთ-ერთი ბრადებული. დანაშაულის დაფარვაზე წესით მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ამას რამდენად გააკეთებს პროკურატურა ვერ გეტყვით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ