როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს

წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

სპეცოპერაცია გააპროტესტეს როგორც კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ღამის კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარებას ეხმაურებიან სოციალურ ქსელებშიც. აი, რას წერენ ცნობილი ინტერნეტმომხმარებლები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:

მირიან ჯეჯელავა, მსახიობი, ტელეწამყვანი

"ჯოჯოხეთი ღამე და დილა. რომელი ერთი გავაპროტესტო ეგეც არ ვიცი. აღარაფერს ვამბობ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაზე, დაუნდობელ ცემაზე!.. ეს არის ვანდალიზმი, ტერორი მშვიდობიან მოქალაქეებზე. უამრავი ადამიანი გადაყვანილია განყოფილებებში, რომელთა ნაწილის ბედი საერთოდ არ ვიცით. მათ შორის ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. როგორ არ ვიცი, მაგრამ ოპტიმიზმი და ერთიანობა შევინარჩუნოთ!!!"

მაიკო ჩიტაია, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი

ადრე ჩამეძინა გუშინ საღამოს. ქეთა გარეთ იყო ჯერ გადაღებაზე, მერე მეგობრებთან ერთად. ელოდება. 2 წელში 18 წლის ხდება და კლუბში შესვლის უფლება ექნება. უყვარს ცეკვა, მუსიკა. პირობას გაძლევ სახელმწოფო, რომ ჩემი ორივე შვილი, რომელიც ვთვლი, რომ ღირებული ძალაა ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში არ აღნიშნავს სრულწლოვნებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისე წავიდნენ აქედან, აღარ მოუნდეთ დაბრუნება სანამ თქვენ, ტერორის მთესველები ასეთ ღამეებს გვიძღვნით. ყველა ვიდეოს ვაჩვენებ მათ და დავარწმუნებ, რომ ამ ქვეყანაში ყველასთვის საშიშია ცხოვრება, გარდა სქელჯიბეებიანი კრიმინალებისა!

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი

17 მაისს პოგრომი მოაწყვეს, ადამიანებზე მასობრივად იძალადეს, კაციშვილს არ მოეკითხა პასუხი - ვიღაც "პიდარასტები" დაარბიეს, ნუ რა ვქნათ.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს - ვიღაც აზერბაიჯანელი კაცი, რას მოდიოდა საერთოდ აქ, ნუ რა ვქნათ.

ზვიად რატიანზე იძალადეს - მთვრალი იყო, იგინებოდა (კიდევ ერთხელ მადლობა საზმაუს), ნუ რა ვქნათ.

დღეს კლუბებში სპეცრაზმელები შევარდნენ და პოლიცია თბილისის ცენტრში აქტივისტებზე ნადირობს - ვიღაც ქლაბერები არიან, ზოგი რაღაცეებს ყლაპავს, ნუ რა ვქნათ.

ჰოდა ერთი ცნობილი ლექსია, პასტორის დაწერილი. ჯერ რომ სოციალისტებს მოაკითხავენ, მერე პროფკავშირებს, მერე ებრაელებს - ნუ რა ვქნათ. და ბოლოს ეს ლექსი როგორც მთავრდება, ესეც გეცოდინებათ. გასათვალისწინებელი ამბავი მგონია ეს. სახელმწიფოს ძალადობა - ვისზეც უნდა იყოს ის მიმართული - ყველას გვეხება და შეგვეხება.

გრიგოლ გეგელია - ისტორიკოსი

ქვეყანა, რომლის ძალოვნებიც კონფლიქტურ ზონებში არსად ჩანან, აქაოდა რუსები არ გაჯავრდნენო, რის გამოც ქართველ ხალხს პანტაპუნტით იტაცებენ და ხოცავენ, აი იგივე ქვეყანა ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ფაქტიურად მომცრო არმიას იყენებს.

ასეთი სახელმწიფო კომიკურია! მას არავინ შეხედავს სერიოზულად არსად და არასდროს. ურთულეს რეგიონში, ომში მყოფი სახელმწიფო 8 ნარკორეალიზატორს თუ ვერ აკავებს ამ ბუნდოვანი ქაოსის გარეშე, მაშინ დროა მთავრობა გადადგეს და მართვა ჩაიბაროს ხალხმა, ვისაც ამის ნიჭი აქვს.

სინამდვილეში კი ყველაფერი ცხადია:

1. "დაბრუნდა" მესია; სამწუხაროდ, ვიღაცეებს კვლავ აქვთ განცდა რომ ამით რაღაც ახალი მოხდა. ამიტომ, მანაც ახლა ამ სიახლის ერთგვარი გემო მისცა. სხვა რა უნდა ქნას? რაც 6 წლის მანძილზე ვერ გაკეთდა, რაც არ იცის, რაც არ გამოსდის, რა ხალხიც ვერ მიიმხრო, რაც ვერ გამოუვა... ახლა როგორ მოიფიქროს?

2. მკაფიო მესიჯს უგზავნიან კალაძეს. გვახსოვს ივანიშვილის მისვლა მუნიციპალურ არჩევნებზე. გვახსოვს მის მიერ კომენტარის არ-გაკეთება და უჟმური სახით გავლა. გვსმენია ოცნების შიგნით არსებულ დაყოფაზე. კარგად არის ცნობილი, რომ "ბასიანი" მისი მეგობრის და მომხრის ბიზნესია.

3. შიდა პარტიულ დაპირისპირებას, ძალაუფლებით ტრაბახს ამწამს ეწირება ქვეყნის იმიჯი, სტაბილურობა დედაქალაქში, უდანაშაულო ადამიანთა თავისუფლება (და ეგებ ჯანმრთელობა)

ნარკორეალიზატორებს უმკაცრესად უნდა ესხმოდეს თავს სახელმწიფო. მე ათჯერ უფრო მკაცრი ვიქნებოდი (ოღონდ არა აი ასე კომიკური შოუების სახით, რაც არაფერს შეცვლის). ასეთი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება.

ნაჯა ორაშვილი - "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

ჯერ სად ხართ, თქვენივე შემოყრილი საწამლავი უკან მოგიბრუნდებათ. ეხლა მაინც უნდა იყოს გასაგები ვინ დგას ქალაქში გამოჩენილი სიკვდილის უკან. პირველი ვიყავი ვინც შსს აცნობა ამ ნივთიერების გამოჩენის შესახებ და 1 თვის შემდეგ როგორ მობრუნდა, კი ხედავთ. ეს გინდოდათ, თავისუფლების წინააღმდეგ ომი, რასაც არ დაგითმობთ! ჩემი თბილისი, მოკლეს, აღარაა სიცოცხლით სავსე, აღარც "ცხოვრებაა მშვენიერი".

მანანა ვარდიაშვილი - ჟურნალისტი

ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ეს ნაგავი ნარკოტიკი სწორედ ხელისუფლებამ შემოაგდო, გათვალა, რომ მსხვერპლი იქნებოდა, რაც მისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დაეხმარებოდა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე უარსაც გაამართლებდა. ბასიანში შევარდნით და ახალი "7 ნოემბრის" დადგმით ებრძვიან ნარკორეალიზატორებს?

ბექა ჭანკვეტაძე - ინტერნეტმომხმარებელი, ქლაბერი

ჩაკეტილ ბნელ სივრცეში ვცეკვავთ 2 000 ადამიანი ერთად, ერთმანეთსაც კი არ ვეხებით, არც ველაპარაკებით, უბრალოდ გვიყვარს და ვცეკვავთ, მერე სახლში მივდივართ ძალიან ჩუმად, ჩვენს ოთახშიც კი ფრთხილად შევდივართ რო სახლში არავინ შევაწუხოთ. გთხოვთ, იცეკვეთ ჩვენთან ერთად, ან ნუ გვირტყამთ

ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი

ნარკოტიკების რეალიზატორების დასჯა ძალიან მაგარი ამბავია! აუცილებელია! მაგრამ გუშინდელი ბართლომეს ღამე, უბრალოდ საჩვენებელი დასჯა იყო და ეს უნდა გავაპროტესტოთ.

ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

"ნარკორეალიზატორებს უმკაცრესად უნდა ებრძოლო, მაგრამ ამ ბრძოლაში მოქალაქეების უფლებები არ უნდა დაარღვიო"

დავით კიკალიშვილი - ჟურნალისტი

"კლუბი ბასიანი ბოლო წლებია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავენ. უცხოურ მედიაშიც კი წამიკითხავს მის შესახებ. აქედან გამომდინარე ეს ძალზე მომგებიანი ბიზნესია. უკვე დიდი ხანია ვაკვირდები როგორ ცდილობენ მავანნი მის ხელში ჩაგდებას. ვინ არ მიუგზავნეს: ფსევდო ჯიბის პატრიოტები, მორალისა თუ რელიგიის დამცველები, რათა ბიზნესი აახიონ. ყოფილი კომუნისტური ელიტის ნაშიერებს თავად ხომ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ სხვაზე პარაზიტობა ეხერხებათ. მათი დროც დადგა.

აი შედეგიც! მარტივია დაღუპული ახალგაზრდების ტრაგედია და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიყენო, ერთი ორი ნასედკა ავადმყოფი და დაშანტაჟებული ნარკოდამოკიდებული შეუგზავნე და პოლიციის მაშტაბური და სანახაობრივი რეიდით დააკავე. ყოველმხრივ მოგებული ხარ! საზოგადოების თვალში გმირი, ბიზნესიც ითრიე! მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ნარკოტიკის, ყაჩაღობის, საძმოების და კორუფციის დრო ახლა იწყება. P.S. ღმერთმა ქნას არ ვიყო მართალი და ზემოთ დაწერილი სისულელე აღმოჩნდეს.

ნათია ფანჯიკიძე - ფსიქოლოგი

რანაირი ღამე ყოფილა გუშინ? გახსოვთ თბილისი კომუნისტების დროს, როცა ქალი კაფეში ვერ შევიდოდა, რადგან კაფე არც არსებობდა, იყო მხოლოდ რუსთაველზე ერთი საღვეზელე და ლაღიძის ხაჭაპური, სადაც ბავშვი და ქალი შევიდოდნენ. გახსოვთ 90-იანი წლების თბილისი, როცა აღარც ეს იყო და აღარც არაფერი. გისოსებში ჩასვა ხალხმა საკუთარი თავი, ერთმანეთისგან დასაცავად, სახლის ფანჯარა თუ კანტიკუნტად არსებული მაღაზია, მთელი ქალაქი რკინის ფარდა-ჟალუზით იკეტებოდა, სული გეხუთებოდა ამ საშიშ, ვოლიერებად ქცეულ ქალაქში, სასტუმრო არ იყო, სადაც სტუმარი ღამეს გაათევდა, ადგილი არ იყო, სადაც ყავას დალევდი...

ხედავთ დღევანდელ თბილისს, როგორია? ყველა ტიპის ადამიანისთვის გაჩნდა თავშეყრის ადგილი, არის დღის კაფეები, სადაც გახსნისთანავე მოწევა აკრძალული იყო, ამა წლის 1 მაისიდან არ დაუწყიათ, ბავშვსაც შეიყვან, მარტოც შეხვალ, წიგნს წაიღებ და წაიკითხავ, ისეთი სიწყნარე და კომფორტია, სახლში თუ პირობები არ გაქვს, კაფეში იმეცადინებ. გაჩნდა ყველა ბავშვის საყვარელი ადგილები, ნაირნაირი, სხვა ქვეყნების სამზარეულო გაჩნდა რესტორნებში, შანსი გაგვიჩნდა უცხო კულტურის გემოები გავსინჯოთ, გავეცნოთ რას ჭამენ იაპონელები, ჩინელები, როგორ იკვებებიან ფრანგები.. გაჩნდა მაღალი კულტურის მქონე ქართული კერძების რესტორნები.. სულ მინდა მადლობა ვუთხრა ამ თბილისური რესტორნების, უმშვენიერესი ადგილების გამჩენ ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ასეთ კულტურულ ატმოსფეროს ქმნის. გაჩნდა კლუბები, სადაც ადამიანებს ცეკვის, განსხვავებული მუსიკის მოსმენის საშუალება აქვთ და განვითარდა დიჯეის პროფესია, ქართველი დიჯეები საუკეთესოებად ითვლებიან უკვე ევროპაშიც კი. ეს კლუბები უამრავ ახალგაზრდა ტურისტს იზიდავს..

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუშინდელი წიოკი უცხოელი სტუმრების მიერ არაორდინარულ თავგადასავლად იქნება აღქმული და არა საფრთხედ და უსიამოვნებად, რომელიც მათ განიზიდავს ჩვენი ქალაქისგან. ნარკოტიკის გამსაღებლებს სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით, არა კლუბების კულტურის მოსპობით. ასე პრობლემა ვერ გაქრება, მაგრამ პრობლემა გაჩნდება, ქალაქს დააკლდება ერთერთი კომპონენტი, რომელიც მას ქალაქის სახეს აძლევს. არასდროს, ბავშვობაშიც არ მიყვარდა ხმაურიანი მუსიკა და ღამისთენება, სულ რამდენჯერმე გამიძლია ასეთი ხმაურისთვის, ისიც ჩემი ხმაურისმოყვარე ახლობლების ხათრით და კამპანიონად, მაგრამ არასდროს მქონია უცნაური ინსტინქტი, რაც მე მიყვარს, მხოლოდ ის არსებობდეს, ან რაც არ მიყვარს არ არსებობდეს.

მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, არის ნებისმიერი ადამიანის კანონიერი ინტერესების პატივისცემა. ადგილები, სადაც კარგ მუსიკას უკრავენ, ქალაქში უნდა იყოს, ნუ მოახდენთ კლუბების დემონიზებას, ნარკოდანაშაული ბევრად ფართო ასპარეზზე და ბევრად მასშტაბურადაა საბრძოლველი. სიყალბეა, ექსკლუზიურად კლუბებს მიეწეროს ამ პრობლემის ბოლოდროინდელი ასეთი აფეთქება და ილუზია შეიქმნას, რომ ამ კლუბების დარბევის გზით მოგვარდება პრობლემა.

მთავარი ფოტო: ნაჯა ორაშვილი

დიანა ტრაპაიძემ "ტვ პირველი" დატოვა - "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული..."

"სანამ არ მიპოვა და ბავშვი არ ჩამაბარა, ხელი არ გაუშვა" - რას წერს გახარიაზე იმ პატარა გოგონას დედა, რომელიც პრმიერს ჩაეხუტა

"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი