შსს: ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია

შსს: ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია და მისი დაკავება კლუბშივე განხორციელდა.

მისივე თქმით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ