შესაძლებელია, საქმის მასალებში იყოს ისეთი უზუსტობა ან არასაკმარისი მტკიცებულება, რის გამოც შეგვზღუდეს, რომ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა გია გოროზიამ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განუცხადა.
გოროზიას თქმით, მისთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გასაღებას. ის არის ძალინ დეპრესიულ მდგომარეობაში, ნერვიულობს და წარმოდგენა არა აქვს რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე და რას ედავება გამოძიება",- აღნიშნა გოროზიამ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომტკიცებულებებს, სადაც ასახულია სავარაუდოდ ნარკოტიკების გასაღების ფაქტი, გოროზია ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის, ნამდვილად არის თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ვიდეომასალაში.
"ჩვენთვის არ არის იდენტიფიცირებული იმ ვიდეოჩანაწერებში ნამდვილად არის თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. რაც შეეხება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და ჰქონდა თუ არა მას შემხებლობა აღნიშნულ დანაშაულთან, დეტალებზე გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ამ ხელწერილის დადებაც გაუგებარია, რადგან საქმის მასალები გადმოცემული არ გვაქვს, შესაბამისად, შეზღუდული ვარ დეტალებზე ვისაუბრო. შესაძლებელია, საქმის მასალებში იყოს ისეთი უზუსტობა ან არასაკმარისი მტკიცებულება, რის გამოც შეგვზღუდეს საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ. რაც შეეხება მოწმეებს, სავარაუდოდ, აქ მოწმე იქნება აგენტი, პირი, ვინც მოახდინა დანაშაულის გამოვლენა ან პროვოცირება", - განაცხადა გოროზიამ.
იმედი მაქვს, სასამართლოც სრულად არ დაიხურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება სრულ რეალობას ვერ გაიგებს და არაერთი კითხვის ნიშანი დარჩება ამ საქმეში, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განუცხადა.
როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, ადვოკატები სამმართველოში საქმის მასალების გადასაცემად დაიბარეს. "დღეს დამიკავშირდა გამომძიებელი და მოვედი ქალაქის მთავარ სამმართველოში. ვიმედოვნებ, რომ დღეს მაინც გადმომეცემა საქმის მასალები, ვინაიდან ძალიან იშვიათი პრაქტიკაა, რომ ადამიანს ბრალს უყენებენ და გადის 24 საათი და საქმის მასალები გადმოცემული არ გვაქვს. იმედია დროულად გადმოგვეცემა მასალები და მოგვეცემა დაცვის უფლების განხორციელების საშუალება, ვინაიდან ხვალ უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და დაცვის მხარე სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არ შეცვლილა. ის კვლავ იყენებს დუმილის უფლებას. მისი დაკავების ფაქტიდან 2 დღის შემდეგაც ის ინფორმაცია მაქვს, რასაც ის მაწვდის. მისი არც პირადი, არც მანქანის და არც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არანაირი ნივთიერება არ ამოუღიათ. არც მის ორგანიზმში აღმოჩენილა რამე ნივთიერება. ამ პირების დაკავებაც, როგორც ვიცით, სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. არ მინდა, ვარაუდების საფუძველზე ვისაუბრო, რამდენად მყარად არის დაცვა ან ბრალდება ამ საქმეში, ამაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც საქმის მასალები გადმომეცემა და გავეცნობი",- განაცხადა ფანცულაიამ.
რაც შეეხება გაუთქმელობის ხელწერილს, ფანცულაია ამბობს, რომ მას ამაზე ხელი არ მოუწერია. "ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ადვოკატებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობაზე. თუ შეიძლება შეიზღუდოს კონკრეტული პირის ინტერესებიდან გაუთქმელობა, მთლიანად კი არ უნდა დაიხუროს საქმე, რაღაც კონკრეტული მტკიცებულება იყოს, რომელზეც გაუთქმელობა გავრცელდება. არ ვეთანხმები გაუთქმელობის ვალდებულებას და ხელი არ მოვაწერე. აღნიშნული შენიშვნა გავაკეთე თუ რატომაც არ ვეთანხმებოდი და ასეთი ბუნდოვანი გაფრთხილებით მე შემეზღუდებოდა დაცვის უფლება. ვინაიდან არ მიკონკრეტებდნენ რისი უფლება მექნებოდა და რისი - არა. იმედი მაქვს, სასამართლოც სრულად არ დაიხურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება სრულ რეალობას ვერ გაიგებს და არაერთი კითხვის ნიშანი დარჩება ამ საქმეში", - განაცხადა ფანცულაიამ.