ონკოლოგიის ცენტრი იყიდება

ონკოლოგიის ცენტრი იყიდება

ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი გაყიდულია - ამის შესახებ "რეზონანსს" კულუარულად სანდო პირები ატყობინებენ. თუმცა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი რეზო გაგუა "რეზონანსთან" საუბრისას ამას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ცენტრი ჯერ არ გაყიდულა. ის ამ დროისთვის გაყიდვის პროცესშია, რაც, მისივე თქმით, გარდაუვალია.

ვიდრე "რეზონანსი" აღნიშნულის შესახებ უშუალოდ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორს ესაუბრებოდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურიდან დათო ღონღაძესთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობდა. გუშინვე პერმანენტულად ვუკავშირდებოდით ქალაქის ნომრებზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტს, მაგრამ არც აქ გვიპასუხეს.

თავად ეკონოკური განვითარების პრივატიზაციის საიტზე ონკოლოგიის ცენტრი არც გაყიდული და არც გასაყიდი ობიექტების ნუსხაშია. ცენტრის თანამშრომლები კულუარულად აღნიშნავენ იმას, რომ გაყიდვა ჩუმად მოხდა. სწორედ ამიტომაც ეკონომიკის სამინისტროს გასაყიდ თუ გაყიდულ ობიექტთა ნუსხაში მითითებული არ არის.

გაყიდულია თუ ჯერ კიდევ გასაყიდი ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე არ ფლობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ის ამ პროცესში ჩართული არ არის.

ოთარ თოიძე: "ქალაქში ყველაფრის გაყიდვაზე დადის ხმები. რამდენად რეალურია თვითომ ონკოლოგიური ცენტრის გაყიდვის ამბავი, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ყველამ ვიცით ის, რომ სახელმწიფო ქონებაა და მისი პრივატიზაცია მიდის, რაც საბოლოოდ გაყიდვით დამთავრდება. იყიდება თუ უკვე გაიყიდა, ეს ცენტრის დირექტორმა უნდა იცოდეს. მე ამ პროცესში ჩართული არ ვარ".

ცენტრის დირექტორი, რეზო გაგუა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის ცენტრი გაყიდული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია მის უკვე გაყიდვასთან დაკავშირებით ჭორია. სამაგიეროდ, არ არის ჭორი ის, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი გაყიდვის პროცესშია.

რეზო გაგუა: "ტყუილია. ჯერ არ გაყიდულა. მართალია, ასეთი ჭორები დიდი ხანია, დადის, მაგრამ ონკოლოგიის ცენტრის სამომავლო გაყიდვა ჭორი აღარ არის. უფრო მეტიც, ახლოა რეალობასთან. მაგრამ ონკოლოგიური გაყიდულად ითვლება მაშინ, როცა ის გაყიდულია, ფული გადახდილია და გადასულია სხვა მეპატრონის ხელში. ჯერ არც ერთი ეს პროცედურა არ ყოფილა. გაყიდულიაო, ნათქვამია არა მარტო ონკოლოგიურზე, ნებისმიერ პოლიკლინიკაზე - რესპუბლიკურზე, ღუდუშაურზე, და ნებისმიერ საავადმყოფოზე. ანუ ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოა, მაგრამ ჯერ ისეთი რამე, რომ გაყიდულიყო და აქედან აღებული ფული შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, საავადმყოფოს კი სხვა მეპატრონე ჰყოლოდა, ასეთი რამე არ არ მომხდარა".

გაგუა დაბეჯითებით ირწუნება, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ (!) არ გაყიდულა, არც არავის გაუფორმებია. შესაბამისად, მისივე თქმით, ახალი მეპატრონეც არ ჰყვას.

რეზო გაგუა: "რაც გაფორმებული არ არის, ის როგორ ჩაითვლება გაყიდულად?! როგორც გითხარით, გაყიდვის პროცესი მიდის, მაგრამ ჯერ გაყიდული არ არის ისევე, როგორც მთელ საქართველოში მიდის სამკურნალო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესი. აქედან გამომდინარე, როგორც ყველა სამკურნალო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, ონკოლოგიურსაც გაყიდვა ემუქრება. გიმეორებთ, რომ გაყიდული ჯერ არ არის".

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი "რეზონანსთან" საუბრისას იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას ძალიან ბევრი ყიდვის მსურველი ჰყავს. გაგუა იმასაც ირწმუნება, რომ გაყიდვისა და ახალი მეპატრონოს შეთხვევაში სამკურნალო დაწესებულებას პროფილი აუცილებლად შეუნარჩუნდება.

რეზო გაგუა: "ძალიან ბევრი პრეტენდენტია. არიან ევროპის ქვეყნებიდან, კანადიდან... მსურველთა სიმრავლე თავისთავად ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანაში არის სტაბილიზაცია. ანუ დადებითი ფაქტორია ის, რომ ჩვენკენ ინვესტორები იყურებიან. როცა გაიყიდება ონკოლოგიური, მისი პროფილი აუცილებლად შენარჩუნდება უდავოდ და უვადოდ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს".

სარწმუნო ინფორმაციით, მყიდველს აუცილებლად ექნება ვალდებულება, რომ ონკოლოგიურს შეუნარჩუნონ პროფილი, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა იყოს ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა მომგებიანი, როგორი ფასები იქნება კერძო კლინიკაში და რა ეშველებათ ონკოლოგიურ ავადმყოფებს. რაც შეეხება გაყიდვას, სამედიცინო პერსონალი უკვე ყველაფრის საქმის კურსშია და ახლა მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერაღაა დარჩენილი.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"