ავტორი:

რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

მშობლები ხშირად ამაყობენ იმით, რომ მათ შვილს სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა და არითმეტიკული ამოცანების შესრულება შეუძლია და მიაჩნიათ, რომ ბავშვს, რომელსაც სწავლის დასაწყებად ამგვარი მზაობა აქვს, გაკვეთილების მომზადება გაუადვილდება. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასე სულაც არ არის.

ბავშვის სასკოლოდ მომზადების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია. იმისათვის, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ ბავშვს მსგავსი პრობლემები არ შეექმნას, საინტერესოა, კონკრეტულად რა უნდა ვასწავლოთ მას, რომ ანალიტიკურად აზროვნება შეძლოს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი ნინო რევიშვილი განმარტავს, რომ დღეს მშობლები ბავშვის ცხოვრებაში, მისი განვითარების პროცესში ჩართულები არიან, თუმცა ხშირად ეს ჩართულობა სწორი არ არის და ამით ხანდახან შეიძლება ბავშვებს ავნონ კიდეც.

„წინასასკოლო პერიოდში მშობლების ჩართულობა იმ ფორმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ბავშვს ასაკობრივად შესაბამის ტექსტებს უნდა უკითხავდეს, ეთამაშებოდეს. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თამაში არ არის საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ციფრებით თამაშს ან გონებრივ და ბავშვისთვის მარტივ სავარჯიშოებს მოიცავს, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ბავშვის განვითარების მხრივ პოზიტიურია.

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან - დედასთან ან მამასთან თამაშობს და სასიამოვნო საქმით არის დაკავებული, ამასთანავე რაღაც ახალს სწავლობს - ამით მას სწავლის მიმართ წინასასკოლო პერიოდში პოზიტიურ დამოკიდებულებას ვუღვივებთ. რა თქმა უნდა, ამას ბავშვი ვერ იაზრებს, მაგრამ ქვეცნობიერად ეს მასზე სერიოზულად მოქმედებს. გარდა ამისა, ბუნებრივია, მას ტექსტის გააზრების, მოსმენის, მთავარი აზრის გაგების უნარი უვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მოსწავლე სკოლაში ამ მზაობით მიდის, მას სწავლა და ახალი ინფორმაციის მიღება არამარტო დაწყებით საფეხურზე, მოგვიანებითაც უადვილდება,“ - აღნიშნა ნინო რევიშვილმა.

სპეციალისტი ასევე განმარტავს, რომ კვლევის მიხედვით, ის ბავშვები, ვისაც უკითხავენ, ეთამაშებიან, მშობლები მათთან ერთად საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულები, არამარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ საბაზო საფეხურზეც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

„ერთია, მშობელი ბავშვთან ერთად რას კითხულობს და მეორე, რა ტიპის საქციელის მოდელირებას ახდენს ბავშვი. ზოგადად, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ბავშვები ბაძავენ მშობლებს, მათთვის ავტორიტეტულ პიროვნებებს. მშობლები მათთვის ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, შესაბამისად, რასაც მშობელი აკეთებს, ბავშვიც იმ ქცევის კოპირებას ახდენს. შესაბამისად, ბავშვი თუ ხედავს, რომ მშობელი წიგნებს კითხულობს და თავისუფალ დროს კითხვასა და ახალი ინფორმაციის მოძიებაში ატარებს, ბავშვიც მიდრეკილი იქნება, წიგნთან თვითონაც უფრო მეტი დრო გაატაროს,“ - აღნიშნავს ნინო რევიშვილი.

სპეციალისტის თქმით, იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს ანალიზის უნარის გამომუშავებაში დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია, ტექსტის (იქნება ეს ზღაპარი თუ მოთხრობა) ირგვლივ კითხვები დავუსვათ, რათა დავადგინოთ, რამდენად აღიქვა მან ნაწარმოების შინაარსი.

ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების მიცემაზე, AMBEBI.GE ესაუბრა მანანა მელიქიშვილს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებილულ პროფესორს. იგი განმარტავს, რომ სკოლაში მიყვანამდე მშობლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციოს ყურადღება.

„ის, რომ 9-10 წლის ბავშვების ნაწილს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ, სწორედ იქიდან არის დაწყებული, როდესაც სწავლის პროცესი იწყება. სკოლაში ბავშვებს მათი დაბადების მოწმობის მიხედვით განსაზღვრული ასაკის მიხედვით ვიღებთ და თითქმის არ ვუწევთ ანგარიშს იმას, არის თუ არა ბავშვი სკოლისათვის ფსიქოლოგიურად მზად. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ბიოლოგიური მზაობა ანუ მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა რამდენად არის იმ დონეზე, რომ სკოლაში გარკვეულ ახალ გარემოს შეეგუოს, იყოს სტატიკურ მდგომარეობაში, მას უწევს დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა, ორგანოების დაძაბვა.

მაგალითად, ნატიფი მოტორიკა ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული და მათ წერისთვისაც სხეულის დაძაბვა უწევთ, რამაც შეიძლება თავის ტკივილი და რაღაც შიშები გამოიწვიოს. შესაბამისად, ალბათ რჩევაც შეიძლება მივცეთ მშობლებსა და პედაგოგებს, რომ ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ, რისთვისაც სხვადასხვა სახის სავარჯიშოები არსებობს. კერძოდ, ძალიან კარგია, რომ ბავშვმა ხატოს, ძერწოს,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.

მანანა მელიქიშვილის თქმით, ბავშვს სკოლამდე უნდა ჰქონდეს ცოდნა მოვლენების შესახებ, შეიძლება იცოდეს ციფრები, წელიწადის დროები, ცნობდეს ცხოველებს და სხვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლისათვის ფსიქოლოგიური მზაობა, რომელიც გულისხმობს ინტელექტუალურ, ემოციურ და სოციალურ მზაობას. ინტელექტუალურ მზაობაში სამწუხაროდ მშობლების მხრიდან ძირითადად, იგულისხმება ის, რომ ყურადღებას ამახვილებენ წერისა და კითხვის სწავლაზე და ბავშვი სკოლაში რომ შედის, ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ მათი შვილი კარგად კითხულობს, ანგარიშობს, თუმცა ინტელექტუალური მზაობა მხოლოდ ეს არ არის. ინტელექტუალური მზაობა გულისხმობს იმას, რამდენად შეუძლია ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღება არ გადაიხაროს უცხო გამღიზიანებლის მიმართ, რამდენად შეუძლია მას მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა, რამდენად შეუძლია დაინახოს მიმართებები საგნებსა და მოვლენებს შორის.

წერისა და კითხვის ცოდნა კი არა, ანალიზისა და სინთეზის უნარია საჭირო. მშობელმაც და მასწავლებელმაც უნდა იმუშაოს ლოგიკური მეხსიერების განვითარებაზე და არა თვალსაჩინო ხატოვანი მეხსიერების განვითარებაზე, რომელიც ბავშვს მანამდეც აქვს. ინტელექტუალური მზაობისთვის ტექსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა დავუსვათ კითხვები, უნდა ვკითხოთ, რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რატომ მოეწონა, ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა, სწორი იყო თუ არასწორი და სხვა. ბავშვს იმის წაკითხულის ანალიზი უნდა ვასწავლოთ, მხოლოდ იმით არ დავკმაყოფილდეთ რომ მან ტექსტი ზუსტად გადმოსცა,“ - განმარტავს ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი.

მისივე თქმით, მეორე, რაც ბავშვის სკოლაში შესაყვანად მომზადებისთვის საჭიროა, არის მისი ემოციური მზაობა. სკოლამდელი ასაკის ბავშვის აქტივობა მიმართულია იქით, რომ მან დაინახოს და ისწავლოს რაც მას აინტერესებს და მოსწონს, თუმცა სკოლაში მას ისეთი რაღაცების სწავლაც უწევს, რაც შეიძლება საინტერესოდ არ მოეჩვენოს:

„რაც შეეხება სოციალურ მზაობას, აქ იგულისხმება ის, რომ მან გარკვეული როლი უნდა დაიკავოს, ამავე დროს უნდა მოაგვაროს ურთიერთობა მასწავლებელთან ან ბავშვებთან, უნდა დათმოს, უნდა ისწავლოს სხვისი აზრის მოსმენა, სხვისი ემოციის გაგება, მეგობრისთვის თუ მასწავლებლისთვის უნდა შეეძლოს კითხვის დასმა, დახმარების თხოვნა. ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი უნდა იყოს განვითარებული. თუ ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთი სუსტად არის განვითარებული, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბავშვი სკოლაში არ მივიყვანოთ. ჩვენ უბრალოდ უნდა შევაფასოთ ის და ვიცოდეთ, სად აქვს სუსტი და ძლიერი მხარე და განვითარებაზე ვიმუშაოთ, მაგრამ თუ სამივე კომპონენტში გვაქვს ჩამორჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ის ასაკობრივად მზად არის, ასეთი ბავშვი სკოლაში არ უნდა მივიყვანოთ. უნდა ვიმუშაოთ მასთან, კიდევ მოვამზადოთ და მაშინ მას სკოლასთან ადაპტაცია არ გაუჭირდება,“ - აღნიშნავს ის.

მანანა მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციისთვის დაახლოებით 5-6 კვირა სჭირდება, იმისათვის რომ მას გარემოსთან შეგუება გავუმარტივოთ, უმჯობესია, სკოლის ის შენობა, სადაც მომავალში ისწავლის, წინასწარ ვაჩვენოთ.

„ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გაიზარდა, სკოლაში უნდა შევიდეს, ახალ რაღაცებს ისწავლის. სწავლის ერთ-ერთი წამყვანი მოტივი სოციალური სტატუსია. ბავშვების უმეტესობას სოციალური სტატუსის მოტივი აქვთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გახდა მოსწავლე. ასევე ის ატრიბუტები, რომლებიც სასწავლო პროცესთან უქმნის მოტივაციას - რვეული, ფანქარი, ჩანთის ყიდვა უხარია. ემზადება და ეს ძალიან მოსწონს მას, ამ პროცესში კი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ და თვითონ უნდა შეარჩიოს, რომელი ჩანთა მოსწონს, რომელი რვეული უნდა. უნდა ვესაუბროთ, რომ იქ ახალ მეგობრებს შეიძენს, ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.

გარდა ამისა, მანანა მელიქიშვილი ბავშვის მოტივაციასა და ინიციატივაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, როდესაც ბავშვი სათამაშოს შლის, აინტერესებს შიგნით რა არის, რაღაც ახალი უნდა შეიცნოს, მშობელმა მას ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ინიციატივა და წამოწყება ჩაკლეს და მომავალში მას შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოძიების მოტივაცია აღარ ჰქონდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ