ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები

ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები

8 მაისს საფრანგეთში კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა 19 მაისს დასრულდება. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ოსკაროსანი მსახიობი კეიტ ბლანშეტია. წელს ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულია კადრი ჟან-ლუკ გოდარის ფილმიდან "შეშლილი პიერო".

სანამ კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორებისა და ფილმების შესახებ შევიტყობთ, იქამდე გავიხსენოთ ქართული ფილმები, რომელთა მონაწილეობა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფით დასრულდა და ვისაუბროთ იმ ქართველ რეჟისორებზე, რომლებიც პრესტიჟულ კინოფესტივალზე არ დაუშვეს.

1955 წელს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების - რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" კანის კინოფესტივალზე მოხვდა. ნამუშევარმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში გაიმარჯვა, თუმცა მაშინ თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე კანში არ გაუშვეს.

​ფილმის მსოფლიო პრემიერას თენგიზ აბულაძის პედაგოგი, ცნობილი რუსი რეჟისორი სერგეი იუტკევიჩი დაესწრო და სწორედ მას გადასცეს ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის.

ფედერიკო ფელინი და თენგიზ აბულაძე (ფოტოს მფლობელი: ნათელა ლაღიძე)

რეჟისორ ​მიხეილ კალატოზიშვილის "მიფრინავენ წეროები" ერთადერთი მხატვრული ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს პალმის რტო" მიიღო. 1957 წელს ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი კლოდ ლელუში საბჭოთა კავშირს ეწვია და მოსკოვში შემთხვევით მოხვდა "მიფრინავენ წეროების" გადაღებებზე. ამის შემდეგ, ლელუშმა ფესტივალის დირექტორთან დარეკა და სთხოვა ფილმი კანის კინოფესტივალზე მიეწვიათ.

"მიფრინავენ წეროებს" უდიდესი წარმატება ხვდა წილად, თუმცა რეჟისორი კინოფესტივალს არ დასწრებია - მიხეილ კალატოზიშვილი საბჭოთა კავშირიდან კანში არ გაუშვეს, გამოაცხადეს, რომ რეჟისორს ინფარქტი ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა...

1984 წელს გადაღებული "მონანიება", სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. თენგიზ აბულაძის ფილმმა, კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი მიიღო: ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი".

"მაგდანას ლურჯას" ჩვენებისგან განსხვავებით, როცა რეჟისორი კინოფესტივალზე არ გაუშვეს, 1987 წელს "მონანიების" ტრიუმფს თენგიზ აბულაძე კანში შეხვდა.

წელს კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონი მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია "მზის გოგონები". ფილმის რეჟისორია ევა ჰუსონი.

14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და იმოგზაურე კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის