რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე

რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე

შსს–ში 12 მაისის აქციის ორგანიზატორებსა და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აქციის ორგანიზატორებსა და კლუბის წარმომადგენლებს აჩვენეს კადრები, რომლებზეც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები.

"ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ მუშაობა ორი მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, ერთი იქნებოდა 12 მაისის ღამით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძველი და მეორე - შეხვედრის ფორმატში უნდა გვესაუბრა ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია კლუბებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო.

"გასაგებია, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მათ არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ არის.

“რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს.

„დღევანდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით და მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენე ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე, ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატში არ არის შესული განცხადება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა 12 მაისის ღამეს ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან.

"დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ უშაულოდ ჩხრეკის და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა 11-12 მაისს ღამის კლუბებში. ვისაუბრეთ ასევე მანიფესტაციის დროს განვითარებულ მოვლენებზე. შევთანხდმით, რომ შს სამინისტრო მოგვაწვდის გარკვეულ ვიდეო-მასალებს, ასევე ჩვენ შევისწავლით ყველა ინფორმაციას. სახალხო დამცველი შეისწავლის ყველა საკითხს და საბოლოო ჯამში დავადგენთ თუ რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ჩვენ ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, ანუ ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ კლუბ „გალერისთან“ დაკავშირებით არ არსებობდა შესაბამისი განჩინება, ამ საკითხსაც შევისწავლით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ