მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში

მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და „ვარდების მოედნისკენ“ გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით „ვარდების მოედნიდან“ ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300-მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50-მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი. 20:00 საათზე, „რუსთაველის თეატრში“ ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე მე–5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში შემობრძანებას. ხატით მსვლელობა იწყება 10 მაისს და 17 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მთავრდება.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ფოტოები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ