"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი

"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი

ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოიტანა.

“ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილი და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები აბსოლუტურად სწორი იყო. მინისტრმა პარლამენტში მოსმენაზე კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს გადაღებული, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ერთმანეთს ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე. შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებო. იგი შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს თანხას. ასევე მინდა ვისაუბრო მეორე შემთხვევაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სისტემურ კავშირზე ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ეს ფაქტი არის, რომ ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, ჩვენ ამაზე მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები. აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმაზე, რომ მოვიქეცით სწორად ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით. თუ უფლებამოსილებების გადაცდომის ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ჩვენ გვექნება ღია და ტრანსპარენტული რეაქცია ამაზე“, - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა ისაუბრა კლუბში შესვლის დროზეც და განაცხადა, რომ ორშაბათს დილით კლუბში შესვლა გასაკვირი იქნებოდა.

„ორშაბათს, დილით კლუბში შესვლა, როგორც მინიმუმ გასაკვირი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ავირჩიეთ ეს დრო და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები: კლუბური ცხოვრება იწყება დაახლოებით 12 საათზე. შევედით, ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში და ვუთხარით: 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თქვენ თუ რაიმე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას ან დატოვოთ აქ და დიდი ბოდიშით, მიბრძანდით. ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით. ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა თუნდაც ჯანდაცვის ორგანოს. ამ მიმართვის შემდეგ სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული ნივთებისგან თავი გაითავისუფლა და ეს არის ის, რაც ამ ორ კლუბში 34 ლოკაციაზე ვიპოვეთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კლუბებში შესვლა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ნათელმა მტკიცებულებებმა და ოპერატიულმა ინფორმაციამ.

გახარიას განცხადებით, 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ქსელის გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია და ამაზე შსს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

როგორც გახარიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამოძიებაში ჩართული არის მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და ევროპული ქვეყნები, ვინაიდან გახარიას განცხადებით, კლუბური ნარკოტიკის ტრაფიკი სწორედ იქიდან მოდის.

“მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს საგამოძიებო მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. უბრალოდ მე მინდა, რომ ვეცადო, თქვენ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, რომ ჩვენ მართლა გვქონდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე და ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, გასასამართლებლად არ გამოდგება, თუმცა მსგავსი ღონისძებები ტარდება თითქმის ყველა ქალაქში, სადაც კლუბური ცხოვრება არის განვითარებული.

“საგამოძიებო პროცესები გრძელდება. ჩვენ აშკარად ვხედავდით იმ მდგრად კავშირებს, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ეს, უკონტროლობის, ცუდი მენეჯმენტის, თუ რისი, შს სამინისტროსთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად - არა“, - განაცხადა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები